Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ გრძნობს თავს


ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძე. როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილი ამჟამად მხნედ გრძნობს თავს.

„მიხეილ სააკაშვილი არის გასაკვირად მხნედ, მიუხედავად იმ პროცესებისა, იცით თქვენ, რომ შიმშილობას ახასიათებს ციკლურობა. რაღაც პერიოდში ძალიან ცუდად ხარ, მერე ისევ უკეთ ხდები. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ის ძალიან მხნედ გრძნობს თავს. პირიქით, ძალიან მკვეთრად, ძალიან ცალსახად გულშემატკივრობს იმ პროცესებს, რომელიც არის მეორე ტურთან დაკავშირებული. ყველა კითხვა იყო აქეთკენ მიმართული. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისთვის ის არც ხარჯავს დროს. ის ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს. ამის შემდეგ ძალიან ძნელია, რომ ადამიანს რაღაცები ურჩიო. რამდენადაც შევძელი, ეს რამდენიმეჯერ მოვახერხე“, - თქვა ხერხეულიძემ.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების შემდეგ, 1 ოქტომბერს გამოაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG