Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის შიმშილობის ნეგატიური შედეგები უკვე ჩანს


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. ადვოკატებმა სააკაშვილთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შიმშილობა შედის რთულ ფაზაში და შედეგებს ვხედავთ თვალნათლივ - გადაადგილებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა, ასევე, როდესაც საუბრობს, მისი საუბრის მოტორიკა, მისი გადაადგილება, უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა.

ამის მიუხედავად მიშა არის მხნედ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კიდევ უფრო გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ აიმაღლოს ხმა საიმისოდ, რომ მიშა გათავისუფლდეს", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატებმა სააკაშვილის მიმართვაც გააცნეს მედიას. მიმართვაში საუბარია რამდენიმე დღეში გასამართ აქციაზე მოქალაქეების გასვლასთან დაკავშირებით და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვრობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

სააკაშვილის შიმშილობაზე კომენტარებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს". ამ ბრალდებას პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ.

"საჭმელთან დაკავშირებით მთელი ანატომია ამ ამბის ყოფილა ასეთი. როდესაც დეპარტამენტის უფროსი მისულა მის მოსანახულებლად, ურჩევია, რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ ერთი კოვზი თაფლი შეეძლო მიეღო. მას შეუძენია ხუთი ცალი 50-გრამიანი ქილა, "დათვის ქილად" რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს - ერთი უკვე გახარჯული ჰქონდა და ოთხი აქტით უკან ჩააბარა ადმინისტრაციას", - თქვა ხერხეულიძემ.

სააჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".

"მე მესმის, რომ ექიმები უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით... " - თქვა გვარამიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართვეოს ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG