Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი სააკაშვილზე: მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა


ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაბრუნება შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

„სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის, სახელმწიფოს პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს, რომელსაც მართავდი ორი ვადით“, - ამბობს ელისაშვილი.

დეპუტატი სააკაშვილის ჩამოსვლის ფორმაზეც ამახვილებს ყურადღებას. „მე სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის“, - თქვა მან.

ის აღნიშნავს, რომ არ იცის, მიხეილ სააკაშვილი ასე რატომ მოიქცა. „სააკაშვილზეც ბევრი ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ, რომ ციხეშია. როცა გამოვა, მერე ვილაპარაკოთ“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის წევრმა დაამატა: „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს გამაოცა იმიტომ, რომ მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა“.

როგორც ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილის ჩამოსვლამ შეცვალა ამომრჩევლის ქცევა.

„ერთი მხრივ, შეაშინა „ოცნების“ ამომრჩეველი და დარაზმა და იმიტომ მიიღო დიდი შედეგი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაიძაბნენ, შეიძლება სხვა პარტიისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას, მაგრამ სააკაშვილი რომ დაინახეს, ვაიმე, მართლა არ დაბრუნდესო, გავარდნენ და „ოცნება“ შემოხაზეს ისევ. მეორე მხრივ, ასევე დარაზმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG