Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში აშშ-ის ავიაბაზიდან ავღანეთიდან ევაკუირებულების გამგზავრება განახლდა


ავღანეთიდან ევაკუირებულები რამშტაინში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ჩასვლის შემდეგ

გერმანიაში მდებარე, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ავღანეთიდან ევაკუირებულების აშშ-ში გადაყვანისთვის ფრენები განახლდა.

ამის თაობაზე ბაზის პრესმდივანმა განაცხადა და დასძინა, რომ 9 ოქტომბრის შემდეგ აშშ-ში გაფრინდა ცხრა რეისი და მათში 2500 ადამიანი იმყოფებოდა. რამშტაინის სამხედრო ბაზის პრესმდივნის თანახმად, 12 ოქტომბერს დაგეგმილი იყო კიდევ 1600 პირის გამგზავრება, ხოლო 4000 ჯერ კიდევ ელოდა გაფრენას.

ფრენები რამდენიმე კვირით შეჩერდა მას მერე, რაც ათასობით ევაკუირებულის წითელასა და სხვა ინფექციებზე აცრა გადაწყვიტეს.

აშშ-ში ჩასვლამდე ავღანელები უნდა აეცრათ წითელაზე, ყბაყურაზე, წითურასა და ჩუტყვავილაზე და, ასევე, პოლიომიელიტსა და COVID-19-ზე, ისევე როგორც ასაკის შესაბამისად სხვა დაავადებებზე, რადგან ეს პირობაა შეერთებულ შტატებში შესვლისა და დარჩენისათვის ოფიციალური ნებართვის მისაღებად.

რამშტაინის წარმომადგენლის თანახმად, სულ 28 500-ზე მეტმა ავღანელმა დატოვა ბაზა და გაემგზავრა აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში.

ამ კვირაში ავღანელ დევნილებს იღებს ესპანეთიც, სადაც 12 ოქტომბერს ჩაფრინდა თვითმფრინავი 160 ავღანელით, იტყობინება AFP მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ეს ის პირები არიან, ვინც ესპანეთთან თანამშრომლობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG