Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპელი სოციალისტები“ 3+3 ფორმატის შესახებ განცხადებას ავრცელებენ


დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები 3+3 ფორმატის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინიციატივა 3+3 კავკასიის 3 ქვეყნის - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის, თურქეთის, ირანის ერთობლივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ, არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან, „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებით, „აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობა უნდა იყოს ერთი უცილობელი დათქმით, რომ რეგიონის სახელმწიფოები უპირობოდ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და სახელმწიფოს სუვერენიტეტს“.

პარტია მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: „ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ. ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ მეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება, იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე“.

„ევროპელ სოციალისტებს“ მიაჩნიათ, რომ დადგა დრო, მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. „თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიის წევრები პასუხობენ ოპოზიციის განცხადებებს 3+3 ფორმატის შესახებ და აკრიტიკებენ ყოფილ ხელისუფლებას. ისინი ვარდების რევოლუციას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებენ.

„2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო. 2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად, მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ. ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

იმის გამო, რომ 3+3 ფორმატი რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს, დავით ზალკალიანი საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის აწვდის მთავრობის პოზიციას.

ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ფორმატით 3+3, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ახსენა მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რომელიც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როგორც ფორმატის იდეა, 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით. მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ 3+3 ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG