Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაწონასწორებულია


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანის ახალი მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად თვლის ურთიერთობების განვითარებას მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, ჩრდილოელ მეზობლებთან.

ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ირანს არ შეუძლია რომელიმე მხარესთან ერთად მეორის საპირისპიროდ მოქმედება. „აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი კარგი მეზობლები არიან და არ შეგვიძლია ერთ-ერთ მათგანთან თანამშრომლობა და მეორის საპირისპიროდ მოქმედება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაწონასწორებულია", თვლის ირანის მინისტრი, რომელმაც ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა აწუხებს ირანს კავკასიაში: „პირველი ისაა, რომ ზოგიერთი უცხოური ძალები ცდილობენ გავლენა მოახდინონ რეგიონზე, რათა შეცვალოს საზღვრები, დახუროს სასაზღვრო პუნქტები, ან შეცვალოს ისინი. ამავე დროს, ჩვენ აღვნიშნავთ ტერორისტების არსებობას, რომლებიც იქ გამოჩნდნენ მთიან ყარაბაღში ომის დროს. ამას ვამბობთ და არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ კითხვის ქვეშ ჩვენი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკებისას პირობა მოგვცეს, რომ გაწმენდდნენ რეგიონს ტერორისტებისგან".

აბდოლლაჰიანმა ახსენა ისრაელის ფაქტორი, როგორც ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც თეირანს აწუხებს: „უნდა აღვნიშნო ისრაელის სიონისტური რეჟიმის პროვოკაციული გადაადგილებები ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ეს ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია. ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ მეგობრობის და კეთილმეზობლობის საფუძველზე“.

ირანის მინისტრმა პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ფორმატით 3+3, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ახსენა მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რომელიც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როგორც ფორმატის იდეა, 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

ზარიფის მემკვიდრის თანახმად, არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და არის ასევე პლატფორმა - "ირანი-რუსეთი აზერბაიჯანი". ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ „ახალი გადაჭარბებული მოთხოვნები მხოლოდ გაართულებს სამხრეთ კავკასიაში ვითარებას“.

აბდოლლაჰიანის მოსკოვში სტუმრობა ირანის ახალი მთავრობის მინისტრის პირველი ვიზიტი იყო რუსეთში. ლავროვთან მოლაპარაკებას მან „შესანიშნავი“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ არის გამორიცხული პუტინის და ირანის პრეზიდენტის, რაისის შეხვედრა წლის ბოლომდე.

XS
SM
MD
LG