Accessibility links

site logo site logo

პატიმრის წნევა, პულსი და სხვა პერსონალური მონაცემები - პენიტენციური დაწესებულება კანონს არღვევს?


უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როდესაც გაასაჯაროვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც პატიმარია, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

11 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის დასტურად კი გამოაქვეყნა მონაცემები პატიმრის წნევის, პულსის, სატურაციისა და სისხლში გლუკოზის დონის შესახებ. გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებას მიაწოდა ცნობა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ციხეში საკრედიტო ბარათით, რომელზეც ლიმიტირებული თანხა იყო ჩარიცხული, ტელევიზორი იყიდა.

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ნამდვილად არასწორი და გაუმართლებელი იყო მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა და მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს, მაგრამ არა იმ ფორმით და იმ დეტალებით, რაც არღვევს პატიმრის უფლებას. ეს არის პერსონალური მონაცემი, მისი თანხმობის გარეშე მსგავსი ფორმით გასაჯაროება არ შეიძლება“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, პირადი მონაცემების გასაჯაროებაზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილისგან თანხმობა არ ჰქონდა.

სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, პერსონალური მონაცემები, რომელიც დაკავშურებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ნასამართლობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება და მათზე დაცვის ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტია დაწესებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძეც მიიჩნევს, რომ თანხმობის გარეშე სამედიცინო და სხვა პირად ინფორმაციაზე სახალხოდ საუბარი კანონის დარღვევაა.

ნესტან ლონდარიძე: „შეიძინა ამდენი ქილა თაფლი, დღეს ეს ჭამა, ხვალ ის გააკეთა - მთელი დღის განმავლობაში რას როგორ აკეთებდა, ამას არ უნდა ჰყვებოდნენ, მაგრამ ამართლებენ იმით, რომ საჯარო ინტერესი დიდია“.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა, რასაც მმართველი გუნდის წევრების არაერთი ირონიული რეპლიკა მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: „როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს… შესაბამისმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო აქედან“.

ალუდა ღუდუშაური, ქართული ოცნებისდეპუტატი გადაცემაშიპოლიტიკური სივრცე“: „ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს ბატონი სააკაშვილი, მასაჟს ვერ იკეთებს იქ, მაგრამ მიირთმევს 5 კილო თაფლს. არ დაიჯეროთ, რომ ამის გამო ვინმე გაათავისუფლებს მას“.

სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი: „1988 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ჩემ ირგვლივ ვინმეს თაფლი მიეღო ან წვენები. წყალს ვსვამდით, რამდენიმე დღე მე წყალიც არ დამილევია, რის გამოც საავადმყოფოში მოვხვდი. სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა წამოჭრილი დისკუსიის შემდეგ თაფლი, რომელსაც ჩაის აყოლებდა ხოლმე, უკან დააბრუნა.

ეკა ხერხეულიძე: „როგორც კი მიშამ მოისმინა, ამით [საპატიმროში თაფლის შეძენით] სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს - ერთი [ქილა] უკვე გახარჯული ჰქონდა და ოთხი აქტით უკან ჩააბარა ადმინისტრაციას".

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრების და პენიტენციური უწყების ასეთი განცხადებები პატიმარს აქეზებს, შიმშილობის უფრო მძიმე ფორმას მიმართოს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

13 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილს უკვე სიარული უჭირს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ექიმების ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზადაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლოს.

კონსილიუმი 5 ექსპერტისგან შედგება, მათ შორის ერთი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG