Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ერთი წლით შეუზღუდა თავისუფლება ნავალნის პირად ექიმს, ანასტასია ვასილიევას


მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა ალექსეი ნავალნის პირად ექიმსა და რუსეთში უცხოეთის აგენტად მიჩნეული ორგანიზაცია „ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელს, ანასტასია ვასილიევას, რომლისთვისაც პროკურატურა უფრო ხანგრძლივ შეზღუდვას მოითხოვდა.

ვასილიევას აეკრძალა ბინის დატოვება ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე, ქალაქიდან უნებართვოდ გასვლა, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილების მონახულება და მათში მონაწილეობა. გარდა ამისა, მან თვეში ორჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სასამართლომ ანასტასია ვასილიევას მიმართ განაჩენი გამოაცხადა ე.წ. სანიტარული საქმის ფარგლებში.

აპრილში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე შიდა პატიმრობაში დატოვა ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში და „სანიტარული საქმის“ სხვა ფიგურანტები - მარია ალიოხინა, ოლეგ სტეპანოვი და მუნიციპალური დეპუტატი, დმიტრი ბარანოვსკი.

"სანიტარული საქმე" ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საწინააღმდეგოდ 23 იანვარს გამართული შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის შემდეგ აღიძრა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. პროკურატურამ ზემოხსენებული აქტივისტების გარდა შინაპატიმრობა შეუფარდა ასევე ლიუბოვ სობოლსა და ნავალნის ძმას, ოლეგს, კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული ნორმების დარღვევისა და ასეთი სამართალდარღვევისკენ სხვების მოწოდებისთვის.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.

XS
SM
MD
LG