Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძე: საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც გააკეთეს სასულიერო პირებმა


„საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ [სასულიერო პირებმა]“, - ასე ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერი სასულიერო პირების განცხადებებს, რომლებიც საყოველთაო შერიგებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს.

„თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს“, - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

პეტიციას ხელს მოაწერს ასევე მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია. ამის შესახებ მან 14 ოქტომბერს, მცხეთაში განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

XS
SM
MD
LG