Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო სააკაშვილს: გთხოვ შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები


თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი მეგობრების მიერ ჩაწერილი გზავნილები მოისმინეს. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში. ის ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილს და თხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა.

"მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს, პრემიერმინისტრის რანგში, პირველ ვიზიტი სწორედ საქართველოში მქონდა, ჩვენთან სულით ყველაზე ახლო ძმურ სახელმწიფოში, ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციასა და მის წარმატებას, შემდეგ კი თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურია, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას, მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია.

მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდა უმორჩილესად გთხოვო - შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი ჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე" - ესაა იულია ტიმოშენკოს ვიდეომიმართვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე გაჟღერდა.

2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 2009 წელს გაზის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას რუსეთთან. მას მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მილიონნახევარი გრივნის გადახდა "ნაფტოგაზისთვის". ციხიდან გამოსვლა ტიმოშენკომ შესძლო მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ.

2019 წელს ის კენჭს იყრიდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG