Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი აცხადებს რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინა


ლილე ლიპარტელიანი

თბილისის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლილე ლიპარტელიანის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის შემდეგ, საკრებულოს შენობაში უცნობი პირები აღმოაჩინა.

როგორც დეპუტატი ჰყვება, მისთვის უცნობ ადამიანებს საკრებულოს შენობაში შეტანილი ჰქონდათ აპარატურა. ლიპარტელიანს მიაჩნია, რომ მისი აღმოჩენილი აპარატურა გამოიყენება ინტერნეტის ჩასახშობად და ხმის ჩასაწერად.

საკრებულოს წევრმა მედიასთან თქვა, რომ მან გადაიღო მისთვის უცნობი პირები, თუმცა სუსტი განათების გამო, ვიდეოში მათი დანახვა შეუძლებელია. ლიპარტელიანმა ასევე გაავრცელა აპარატურის ამსახველი ფოტომასალა.

დეპუტატის თქმით, პირებმა, რომლებსაც უნიფორმა არ ეცვათ, აპარატურიდან ჩიპები ამოიღეს და როგორც თავად ყუთები, ასევე, ჩიპები ცალ-ცალკე გაიტანეს.

„ორი ყუთი იყო. ორივე კოდირებული იყო და შესაბამისად, გახსნის საშუალება ჩვენ არ გვქონია. თუმცა თვითონ შემდგომ ოთახში რომ შეიკეტნენ, გახსნეს, ჩიპები და ყუთი ცალ-ცალკე წაიღეს. პოლიციელებმა ჩაკეტეს კარები დადიანის ქუჩის მხრიდან, საიდანაც სარდაფში არის ჩასასვლელი და გაიტანეს. პოლიციელებმა ჩაკეტეს კარები, მაგრამ ადამიანებმა, რომლებსაც უნიფორმა არ ეცვათ, გახსნეს ეს აპარატები, ჩიპები ამოიღეს (მე რასაც მოვკარი თვალი) და სარდაფის მხრიდან გაიტანეს, - ჰყვება ლილე ლიპარტელიანი და ამატებს - მოიპარეს, რასაც ჰქვია, ეს მოწყობილობა და წაიღეს“. დეპუტატის თქმით, პოლიციელების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მათ მხოლოდ ოქმი შეადგინეს იმის შესახებ, რომ ნამდვილად იყვნენ გამოძახებულები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდების საპასუხო განცხადება 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი მოწყობილობა აძლიერებს რადიოსიგნალს და მობილურ კავშირს.

14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG