Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემილ ავდალიანი 3+3 ფორმატის იდეაზე: რისკები, პირველ რიგში, ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს


ემილ ავდალიანი, "ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი
ემილ ავდალიანი, "ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი

ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ემილ ავდალიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ 3+3 ფორმატის იდეაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ საქართველო ნებით ან იძულებით გახდება ინიციატივის მონაწილე, აღმოჩნდება ჩაკეტილ რეგიონში, სადაც 3 ძალა, რუსეთი, თურქეთი და ირანი, დომინირებს. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად, დოკუმენტების დონეზე, პროდასავლურ კურსს შეინარჩუნებს, თუმცა თავად დასავლეთს რეგიონში გავლენა აღარ ექნება. შესაბამისად, ემილ ავდალიანის შეფასებით, 3+3 ფორმატიდან მომდინარე რისკები დიდია და პირველ რიგში საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ეხება:

„ჩვენ, ალბათ, რიტორიკულად უარის თქმა არ მოგვიწევს დასავლეთზე და არ ვიტყვით ამას, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯებით დასავლეთი, რომელიც ისედაც არის პრობლემების წინაშე, როგორც თვითონ დასავლეთში და ასევე მის პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიაში, მისი გავლენა რეგიონში უფრო შემცირდება იმიტომ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, პლაცდარმი დასავლეთისთვის, რომ აქ მინიმალური გავლენა მაინც გაავრცელოს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ეს არის სრულად ნეგატიური საქართველოსთვის. ოფიციალურ დონეზე ჩვენი საგარეო პოლიტიკა შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯების კუთხით, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ გადავდგათ ნაკლებად პროდასავლური ნაბიჯები და უფრო ისეთი ნაბიჯები, რომელიც მიესადაგება ევრაზიული ძალების ინტერესებს - ეს არის რუსეთი, ირანი და თურქეთი“, - განაცხადა ემილ ავდალიანმა „დილის საუბრებში“.

გადაცემაში მან თქვა, რომ 3+3 ჯერჯერობით ჰიპოთეტური პროექტია და მისი განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ თურქეთი, ირანი და რუსეთი ძირითად პრინციპებზე შეთანხმდებიან. ამ შემთხვევაშიც იგი მიიჩნევს, რომ ეს იქნება „შეკრება შეკრებისთვის“ და იმის ჩვენება, რომ დასავლეთი რეგიონში აღარ არის:

„გარდა იმისა, რომ დასავლეთი არ უნდა იყოს აქ, მე ვერ ვხედავ ინტერესებს ამ სამი დიდი ქვეყნისა, რომლებმაც უნდა გააერთიანოს ისინი ერთი მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ემილ ავდალიანმა „დილის საუბრებში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ. ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

იმის გამო, რომ 3+3 ფორმატი რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს, დავით ზალკალიანი საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის აწვდის მთავრობის პოზიციას.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. უწყების ინფორმაციით, მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი.

ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ფორმატით 3+3, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ახსენა მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რომელიც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როგორც ფორმატის იდეა, 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით. მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ 3+3 ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

XS
SM
MD
LG