Accessibility links

site logo site logo

15 ოქტომბერს რუსეთში დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა


15 ოქტომბერს რუსეთში დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ სამჯერ გადაიდო პანდემიის გამო. აღწერა პირველად ჩატარდება ელექტრონულად. მთლიანობაში აღწერა 14 ნოემბერს დასრულდება, მაგრამ ზოგიერთ ძნელად მისადგომ რეგიონში ის 20-მდე გაგრძელდება.

აღწერაში სამნაირად შეიძლება მონაწილეობა, მათ შორის ონლაინ, სახელმწიფო მომსახურების ვებსაიტზე. გარდა ამისა, შეკითხვებზე პასუხების მიცემა შესაძლებელი იქნება აღმწერებისთვის, რომლებიც ბინებში მიაკითხავენ ხალხს, ასევე აღწერისთვის განკუთვნილ უბნებსა და ცენტრებში. ყველა მონაცემი ელექტრონული სახით დაფიქსირდება, რაც საგრძნობლად დააჩქარებს მონაცემთა დამუშავებას.

კანონით, აღწერაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. გამოკითხვის მთელი დროის განმავლობაში ადამიანების შინ არყოფნის ან აღწერაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში მონაცემები რეგისტრაციიდან აიღება.

საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები მომავალი წლის აპრილში გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - 2022 წლის ბოლომდე. 2010 წელს ელექტრონული მეთოდის გარეშე ჩატარებული აღწერის შედეგები მხოლოდ 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში, რუსეთის იმპერიის, სსრკ-ისა და ახალი რუსეთის ისტორიაში მოსახლეობის აღწერა თერთმეტჯერ ჩატარდა. პირველი გაიმართა 1897 წელს, უკანასკნელი - 2010-ში. ორი აღწერა ბათილად გამოცხადდა - 1920 წელს (სამოქალაქო ომის გამო) და 1937 წელს (სავარაუდოდ, მისი შედეგები გასაიდუმლოვდა რეპრესიების მასშტაბების დასაფარად).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG