Accessibility links

site logo site logo

გახარია: დაგენიძლავებით, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს


პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება და მმართველი პარტია ამის საჭიროებას თავად დაინახავს.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და არც ამ არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვადამდელი არჩევნებისთვის. ადრე ვთქვი კიდეც - 90% რომ აიღონ [ადგილობრივ არჩევნებზე] ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება.

ვადამდელი არჩევნები პირდაპირ დაკავშირებულია მმართველი ძალის პოლიტიკურ რესურსთან. მათ პოლიტიკური რესურსი ამ არჩევნების შემდეგ კი არ მოიმატეს, გაფლანგეს და ეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა - აქციაზეც [14 ოქტომბრის მიტინგზე] გამოჩნდა...

შემიძლია, დაგენიძლავოთ კიდევაც - რაღაც მომენტში „ოცნება“ თვითონ მიხვდება, რომ რიგგარეშე არჩევნები მათი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება და თვითონ დანიშნავენ ამ რიგგარეშე არჩევნებს, აგერ ნახავთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ექსპრემიერის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ „ინსტრუმენტებით დაიწერა“ და პოლიტიკური ფასის გადახდა გარდაუვალია.

„იმ ფასის გამო, რისი გადახდაც „ოცნებას“ მოუწია ამ გამარჯვებაში [არჩევნებში გამარჯვება], ხელისუფლების რესურსი უზარმაზრად შემცირდა... მარტივ მაგალითებს გეტყვით: შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა, გაფუჭებული ურთიერთობები [საერთაშორისო] პარტნიორებთან, სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მოშლა - როდესაც მთელი ვერტიკალი პარტიაზეა დალაგებული და ინსტიტუტები საერთოდ დანგრეულია... და ეს ეკონომიკაზე არ იმოქმედებს?!... ინფლაციის ორნიშნა ციფრი გვაქვს - 12%-ზე უკვე ავედით... 2013 წლის შემდეგ უმუშევრობა, როგორიც არის დღეს, არ ყოფილა...“ - აცხადებს ექსპრემიერი.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მისი პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციის შეკვრას არავისთან აპირებს და იბრძოლებს საკრებულოების დაბალანსებული შემადგენლობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG