Accessibility links

site logo site logo

კახეთის ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტებში მერებისთვის "ხელფასების გაორმაგების" დაპირება არ ასახულა


კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე მომზადებულია მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტები.

რადიო თავისუფლებამ გურჯაანისა და თელავის მერიაში გაარკვია, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტებში ასახული არ არის.

მერების ხელფასების გაორმაგებისა და საჯარო მოხელეების ანაზღაურების 2022 წლის იანვრიდან გაზრდის ინიციატივა მიმდინარე წლის აგვისტოში გაახმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პრემიერის განცხადება იყო, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი განკარგულება ან სხვა სახის დოკუმენტი, სადაც ანაზღაურების ზრდაზე იქნება ლაპარაკიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ. ასევეა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

„თელავის ბიუჯეტის პროექტში მერებისთვის და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა არ არის ჩადებული, თუმცა ეს არის პირველადი დოკუმენტი და წლის ბოლომდე შესაძლოა რამე შეიცვალოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმმართველ თემებში, მიმდინარე წელთან შედარებით, 2022 წლისთვის ადგილობრივი შემოსავლები იზრდება, რაც ბიუჯეტზეც აისახება.

თელავის მერი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იქნება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 23 მილიონი ლარი იყო.

კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტის პროექტები საკრებულოებს მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე უნდა წარედგინოს, ხოლო დამტკიცება 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.

წლევანდელი ბიუჯეტები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულმა საკრებულოებმა უნდა დაამტკიცონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG