Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა


შეძახილებით „მიშა, მიშა“, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა სოლოლაკში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლის მისადგომებთან. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გვირაბის გავლის საშუალება არ მისცა.

„არ გაქვთ ჩვენი შეჩერების კანონიერი უფლება. გთხოვთ, გაგვითავისუფლოთ გზა და გაგვატაროთ... თქვენ ახლა ჩვენს უფლებებს არღვევთ“, - მიმართავდნენ სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამცველებს.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები რიცხობრივად აღემატებოდნენ აქციის მონაწილეებს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს არც ე.წ. სტიკერების გაკვრის საშუალება მისცა. ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, თუმცა სერიოზული ინციდენტების გარეშე.

თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, 3 პირი გაიყვანეს. რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, დააკავეს თუ არა ისინი.

„14 ოქტომბერს მიტინგზე გამოვიდა 50 ათასზე მეტი ადამიანი და თქვა, რომ ვერ შევეგუებით მონობას და ვდგევართ მიხეილ სააკაშვილის გვერდით... ვიცით, რომ ადამიანი შიმშილობს და მისი მდგომარეობა უარესდება და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ სწრაფად გაათავისუფლონ ეს ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს მივიღებთ...

აქ რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა გაერთიანდა და ერთად უნდა დავდგეთ. კანონის ჩარჩოებშია ჩვენი პროტესტი... ეს მოძრაობა მივა გამარჯვებამდე, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ.

უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. ექსპრეზიდენტს ორ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა, ხოლო კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი აქვს წაყენებული.

რუსთავის ციხეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG