Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ მათმა სამხედრო გემმა განდევნა ამერიკული გამანადგურებელი


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უარყვეს მოსკოვის განცხადება, რომ აშშ-ის სამხედრო გემი შეეცადა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას იაპონიის ზღვაში რუსეთ-ჩინეთის სამხედრო სწავლების დროს, 15 ოქტომბერს.

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბში განაცხადეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ხომალდების შესახებ "ტყუილია".

აშშ-ის ფლოტის განცხადებით, მისი ხომალდი USS Chafee ასრულებდა ჩვეულებრივ ოპერაციას იაპონიის ზღვის საერთაშორისო წყლებში და მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის და წესების შესაბამისად, როცა მას რუსული ხომალდი მიუახლოვდა 60 მეტრის მანძილზე. აშშ-ის ფლოტის თანახმად, ხომალდების ურთიერთქმედება იყო უსაფრთხო და პროფესიონალური. "აშშ გააგრძელებს ფრენას, ცურვას და მოქმედებას იქ, სადაც ეს დაშვებულია საერთაშორისო სამართლით", ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მისმა ერთ-ერთმა სამხედრო გემმა განდევნა აშშ-ის სამხედრო გამანადგურებელი გემი, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას ცდილობდა რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნებისას იაპონიის ზღვაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული ხომალდი "ადმირალ ტრიბუცი" მიუახლოვდა ამერიკულ სამხედრო გემს, USS Chafee-ს, მას შემდეგ, რაც მან უგულებელყო გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ დაეტოვებინა არეალი, რომელიც დახურულად იყო გამოცხადებული იქ საარტილერიო ცეცხლით წვრთნების გამო.

"რუსეთის საზღვაო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის" შემდეგ, აშშ-ის სამხედრო გამანადგურებელმა გემმა გეზი იცვალა და დატოვა არეალი იმ მომენტში, როცა ორი გემი ერთმანეთისგან სულ რაღაც 60 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, განაცხადა რუსეთის სამინისტრომ.

მოსკოვმა განაცხადა, რომ გამოიძახა აშშ-ის სამხედრო ატაშე, რათა პროტესტი გამოეთქვა სამხედრო გამანადგურებელი ხომალდის ეკიპაჟის, როგორც მან უწოდა, "არაპროფესიული მოქმედებების" შესახებ.

რუსეთის განცხადება გაისმა იმის ფონზე, როცა მოსკოვის ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებთან ცივი ომის შემდგომ მინიმუმამდეა დასული და მათ შორის დაძაბულობაა ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია, მისი როლი უკრაინის კონფლიქტში, დასავლეთის არჩევნებში ჩარევა, და კიბერშეტევები, რომლებსაც, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერები ახორციელებენ.

XS
SM
MD
LG