Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რელიგიური გაერთიანების თანახმად, კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჰაიტიში გაიტაცა 17 მისიონერისგან შემდგარი ჯგუფი 


ჰაიტის პოლიცია
ჰაიტის პოლიცია

17 ადამიანი, მისიონერების ჯგუფი, მათ შორის ბავშვები, გაიტაცეს დამნაშავეებმა ჰაიტიში 17 ოქტომბერს, იტყობინება ორგანიზაცია, რომელმაც უშუალოდ შეიტყო მომხდარის შესახებ და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა სხვადასხვა რელიგიურ მისიებს.

ქრისტიანული დახმარების უწყების ცნობით, რომელსაც ოჰაიოში უდევს ბინა, მისიონერები სახლში ბრუნდებოდნენ ობოლთა თავშესაფრის მშენებლობიდან.

"ეს საგანგებო ლოცვის შეტყობინებაა", იუწყებოდა ერთწუთიანი გზავნილი. "ილოცეთ, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა მოინანიონ. "

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მისიის დირექტორი აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობს, მისი ოჯახი და ერთ-ერთი დაუდგენელი პირი ბაზაზე დარჩნენ, მაშინ როცა ყველა დანარჩენი ობოლთა თავშესაფარს ეწვია. სხვა დეტალები უცნობია.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია გატაცების ამბავი.

"აშშ-ის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების კეთილდღეობა და უშიშროება სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია", - განაცხადა წარმომადგენელმა, რომელმაც შემდგომ კომენტარზე უარი განაცხადა.

ამასობაში ანონიმურობის დაცვის პირობით აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონტაქტი აქვს ჰაიტის ხელისუფლებასთან და ცდილობს, მოაგვაროს ეს პრობლემა.

ჰაიტი ებრძვის კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ხალხის გატაცების მზარდ შემთხვევებს, რომელთა რიცხვი შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს თავის კერძო რეზიდენციაში 7 ივლისს. მოგვიანებით მოხდა 7.2 სიმძლავრის მიწისძვრა, რომელმაც 2 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, კრიმინალური დაჯგუფებები ითხოვენ სხვადასხვა გამოსასყიდს: ორასი დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე და მეტსაც.

ჰაიტიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უწყების, BINUH-ს, მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჰაიტის ეროვნულ პოლიციაში 2021 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, სულ მცირე, 328 შეტყობინება შევიდა გატაცების შესახებ. შედარებისთვის, ეს რიცხვი 234 -ს შეადგენდა მთელი 2020 წლისთვის.

პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი გაეროს პოლიტიკური მისიის გახანგრძლივებას ჰაიტიში.

მისიონერების გატაცება მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჰაიტიში ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები, რომელბმა ეროვნულ პოლიციას მეტი რესურსით დახმარება აღუთქვეს, დამატებითი 15 მილიონი დოლარის ჩათვლით, კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლაში დასახმარებლად.

მათ შორის, ვინც ჰაიტის პოლიციის უფროსს შეხვდა, იყო უზრა ზეია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უშიშროების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში.

"ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფებების დაშლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჰაიტის სტაბილურობისა და მოქალაქეების უშიშროებისათვის", - დაწერა მან ტვიტერზე ცოტა ხნის წინ.

XS
SM
MD
LG