Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ შეაჩერა სამეთვალყურეო მისია აღმოსავლეთ უკრაინაში


ეუთომ გადაწყვიტა, შეაჩეროს თავისი მისია აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის მიზეზია საპროტესტო გამოსვლები სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკში, სამეთვალყურეო მისიის შტაბ-ბინასთან, იტყობინება სააგენტო Reuters-ი მისიის ხელმძღვანელის იაშარ ჰალით ჩევიკზე დაყრდნობით.

მანამდე 200 პირი შეიკრიბა მისიის შენობასთან და მოითხოვდა უკრაინის არმიის მიერ გასულ კვირაში დატყვევებული სეპარატისტების ერთ-ერთი მეთაურის განთავისუფლებას.

ეუთოს ექსპერტები აქამდეც იყვნენ საპროტესტო გამოსვლების მომსწრე. თუმცა ამჯერად, გავრცელებული ცნობით, პრორუსული სეპარატისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, როგორც ჩანს, შეეცადნენ გადაეკეტათ სასტუმროს შესასვლელი, სადაც მეთვალყურეებს აქვთ ოფისი.

„საქმე ეხება უსაფრთხოების მოსაზრებას, აქედან გამომდინარე და ჩვენი წესების თანახმად, ოპერაციას ვაჩერებთ“. განუცხადა სააგენტოს იაშარ ჰალით ჩევიკმა, რომელმაც დასძინა, რომ მეთვალყურეებს დემონსტრანტებისგან მუქარა არ უგრძნიათ.

სეპარატისტების მტკიცებით, 13 ოქტომბერს კონფლიქტის ხაზთან უკრაინის სამხედროებმა დააკავეს ანდრეი კოსიაკი, რომელიც, მათი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კოორდინაციის და კონტროლის ცენტრში თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც შედის რუს სამხედროთა ჯგუფში, რომელიც საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობს.

რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებას უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჩაღებასა და იქ თავისი ნაწილების გაგზავნის შესახებ.

XS
SM
MD
LG