Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი 70-ე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის ღია წერილს ფარისევლურს უწოდებს


გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტის შესახებ 70-ე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის ღია წერილი შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულშია [რომლებზეც მსჯავდებულია] მხილებული იგი [მიხეილ სააკაშვილი] საზოგადოების მიერ, საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომლებიც მისმა კასტამ ჩაიდინა. უამრავი ნაწამები ადამიანი და არა მარტო ნაწამები, ღირსებაშელახული ადამიანი დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი, თითოეული მათგანი უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, ისტორიაზეც გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები ხელს აწერენ ღია წერილს, რომელიც ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას იმ დრომდე, სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წადგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ღია წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.

მიხეილ სააკაშვილი მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG