Accessibility links

site logo site logo

ცხოვრება უფეხბურთოდ


ავტორი: მიკი მეტრეველი

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრა წელია არ გაუმარჯვია. სახარბიელო სტატისტიკა არც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე გვაქვს. ამიტომ უეფამ ჩვენნაირი, მუდამ დამარცხებული, წაგებული და ჯგუფის ნაბოლარა ქვეყნებისთვის ახალი ტურნირი – ერთა ლიგა მოიგონა – მსგავსი რეიტინგისა და მეტნაკლებად თანაბარი ძალის მქონე გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და გამარჯვებული ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადის. ერთა ლიგამ საქართველოს სულზე მოუსწრო (სამწუხაროდ, ჩვენ სულ სულზე მოსასწრებად გვაქვს საქმე და არა მხოლოდ ფეხბურთში!) და დამარცხებული გუნდის მენტალიტეტი მოგვაშორებინა, დავამარცხეთ რა ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებები, ჯგუფში დავიკავეთ პირველი ადგილი ხუთი გამარჯვებითა და ერთი ფრით და D ლიგიდან C-ში ვკვალიფიცირდით. წინ ნახევარფინალი გველოდა ბელარუსთან.

ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდი ან იგებს, ან მარცხდება, მაგრამ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც არა მარტო ერთი კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ თავიანთი კარგი თუ ცუდი თამაშით, არამედ შეუძლიათ მთელი გუნდი აიყოლიონ, დამუხტონ ბრძოლის უნარით და, რაც მთავარია, გამარჯვების სულით, დააჯერონ წარმატების მიღწევის შესაძლებლობაში. ლიდერი ფეხბურთელის ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მზაობა და ტექნიკა თანაგუნდელებს გამარჯვებისთვის განაწყობს. ასეთი ლიდერი ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც ჩვენი გუნდის გამარჯვებათა ტალღის აგორებაში ლომის წილი დაიდო, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო და ის ტრავმა ბოლომდე დღემდე ვერ მოიშუშა. მაგრამ იმედი ასე უცებ ვერ გაგვიქრებოდა, ვერ დავიჯერებდით, რომ ჩვენი წარმატებული სვლა ევროპის ჩემპიონატისკენ აქ დამთავრდებოდა. და აღმოჩნდა, რომ ჩვენი იმედი უსაფუძვლო არ ყოფილა, გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძესავით პატარა ბიჭი, რომელმაც მისგან ესტაფეტა გადაიბარა, ეროვნულ ნაკრებს ახალ ლიდერად მოევლინა და ნახევარფინალიდან ფინალში გაგვიყვანა. ევროპა ასე ახლოს არასდროს ყოფილა, არც მაშინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას პოლიტიკოსები „განიერი შალახოს“ ფონზე ხელს რომ აწერდნენ. ერთი ნაბიჯის გადადგმა, ერთი ხელის გაწვდენა და ჩვენ ევროპაში ვიქნებოდით, თავისუფალ, დემოკრატიულ, ლაღ ევროპაში, სადაც ადამიანები ასე თუ ისე ადამიანურად ცხოვრობენ და ჩვენსავით თავს არ იტყუებენ, თითქოს ადამიანურად ცხოვრობდნენ.

საქართველო უიღბლო ქვეყანაა, ოდითგანვე, დღიდან მისი არსებობისა. უიღბლობის კომპლექსმა გამოგვაგონებინა ღვთისმშობლის წილხვდომილობის, ლაზარეობის, ღვთივრჩეულობის მითები. უიღბლობასთან გამკლავება მარტო მითებით რომ არ შეიძლება, მგონი, ეს ყველაზე კარგად ჩვენმა წინაპრებმა, თავად ამ მითთა შემქმნელებმა, იცოდნენ, ამიტომ ხმალი არ ჩაუგიათ ქარქაშში, ვაზის და პურის მოყვანა არ შეუწყვეტიათ, არც შენებაზე აუღიათ ხელი და არც წიგნის წერაზე, თარგმნასა თუ გადაწერაზე. საქართველო რომ უიღბლო ქვეყანაა, განსაკუთრებით სპორტში ჩანს. 12 ნოემბრისთვის ვემზადებოდით მთელი ქვეყანა, დიდი გამარჯვებისთვის, დიდი სიხარულისთვის. გამარჯვების მოლოდინს წყეული პანდემია ვერაფერს აკლებდა (თურმე, ვცდებოდით!). დილაობით სამსახურში ავლაბრის დაღმართს სანაპირომდე ფეხით ჩავუყვებოდი ხოლმე. იმ დღესაც მეტროს უკან სუპერმარკეტში შევედი, გამოსვლისას კი ლაპარაკი გავიგონე, დღეს, ხო გახსოვს, დგანდგარიაო. დგანდგარი იყო. ამ დღეს დიდხანს ველოდით. მოსმენილი სამსახურშიც ვთქვი. მე და ჩემს თანამშრომელს ამ თამაშის გარდა სხვა არაფერზე გვილაპარაკია. ერთი სული გვქონდა, საღამო როდის მოვიდოდა, მსაჯის სასტვენის ხმა თამაშის დაწყებას როდის გვამცნობდა და ბურთი როდის გაგორდებოდა. მზად ვიყავით 90 ან მეტი წუთით შეგვეწირა ჩვენი არცთუ ბოლომდე ჯანმრთელი ნერვები მომავალი გამარჯვებისთვის. არტისტობა ადამიანს არ აკლია, განსაკუთრებით ქართველებს, რადგან თამაში თვითგადარჩენის მძლავრი ინსტინქტია, მაგრამ მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავდა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა – ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდაო. არ ვიმჩნევდი, თავს არ ვუტყდებოდი, რომ ხვიჩას დაინფიცირება ჩვენი თანდაყოლილი უიღბლობა იყო და მეტი არაფერი. ასე იყო სრულიად საქართველო, გულშემატკივარი, რომელმაც ოქტომბრის ნახევარფინალურ თამაშზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში დაიტაცა, ქომაგი, რომელიც ჩვენი ნაკრების ავტობუსს დახვდა და გუნდი სიმღერ-სიმღერით, ყიჟინით, ხმაურითა და გამარჯვების იმედით გააცილა სტადიონისკენ.

მერე გაგვახსენდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს განწირულება თვალებში თამაშამდე ეტყობოდათ; რომ გადავაჭარბეთ როგორც ყოველთვის და დამატებით წნეხში მოვაქციეთ ნაკრები; რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი ყოფილა, და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. ისიც ითქვა, რასაც მე ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, რომ მაშინებდა ის ფაქტი, ბოლოდროინდელ თამაშებში მხოლოდ ხვიჩას რომ გაჰქონდა გოლი, ან ხვიჩას პასით სხვა ფეხბურთელებს, ან ხვიჩას აქტიურობით მოვიპოვებდით პენალტს, ანუ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან კომბინაციური თამაში ძალიან გვიჭირდა. გამოვუტდით თავს, რომ საშინელება იყო ბელარუსთან ნახევარფინალური თამაში და დიდი გამარჯვების მოპოვების მოლოდინით დაბრმავებულებს მაშინ რომ ხმა ამოგვეღო, იქნებ ასეთი სიმწარე თავიდან აგვეცილებინა. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო! ეს დალოცვილი, რა გახდა, ურმის გადაბრუნებამდე გზის დანახვა! სანამ გზაზე დააყენებ ურემს, შეხედე, შემოუარე, იქნება თვლებია დაზიანებული; მეურმეს შეუძახე, ჰა, ბიჭო, ხო ხარ ყოჩაღად, მეც აქა ვარ-თქო!

მარცხის ატანა ძნელია, განსაკუთრებით ასეთის. წაგება და მოგება ძმები არიაონო, ალბათ, გამარჯვებულის მოგონილია და წაგებულს ამხნევებდა ხოლმე, მეტოქე რომ ყოველთვის ჰყოლოდა. ჩვენ წავაგეთ, დავმარცხდით კიდევ ერთხელ.

დავმარცხდით და არა დამარცხდნენ!

იქნებ, არ ვართ ევროპული ცხოვრებისთვის მზად?!

განსხვავებით მამა-პაპათა თაობისგან, რომლებიც დიდი დინამოს დიდი გამარჯვებების მომსწრენი იყვნენ, ჩვენ, 90-იანელები ქართულ ფეხბურთზე არ გავზრდილვართ. იმდროინდელი ქართული ფეხბურთი, ალბათ, ათი თავით მაღლა იდგა დღევანდელზე, მაგრამ ჩვენი მზერა უფრო ევროპული ფეხბურთისკენ იყო მიმართული. რონალდოს, ზიდანის, რონალდინიოს, ბექჰემის თამაშები აღგვაფრთოვანებდა, მათ თამაშს ვბაძავდით, მათი სახელები გვეწერა ზურგზე და მათ სახელებს ვღრიალებდით მორიგი გოლის გატანისას. მათი თამაშების ყურებაში ვათენებდით ღამეებს და მერე, დილით, სკოლის გზაზე, ვინც ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული, თანამგზავრს უზიარებდა წუხანდელი თამაშებით მიღებულ შთაბეჭდილებებს, ხოლო იმას, ვინც არ იყო იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული და ისეთი თანამგზავრები ჰყავდა, ფეხბურთი რომ არ აინტერესებდათ, სკოლამდე უნდა მოეთმინა, სანამ თანაკლასელებს შეხვდებოდა. ეჰ, როდის იყო ეს! ზედიზედ გადაბმული ჩემპიონთა ლიგის მატჩები დიმა ობოლაძის კომენტატორობით!

ჩვენ არ გვინახავს ყიფიანის, ჩივაძის, დარასელიას, შენგელიას, გუცაევის, მითუმეტეს არც პაიჭაძის, ღოღობერიძის, იამანიძის, მეტრეველის, მესხის თამაში. ეს ხალხი ლეგენდებად ცხოვრობს ჩვენს გულებში, მაგრამ ჩვენ დღესაც გვჭირდება გამარჯვება, ჩვენს ქვეყანას აკლია საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვებები. დღესაც გვინდა საამაყო, მებრძოლი ეროვნული ნაკრები. დღეს, ფაქტობრივად, უფეხბურთოდ ვცხოვრობთ, რადგან რასაც ჩვენ ვთამაშობთ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, იმას იშვიათად დაერქმევა ფეხბურთი. ცხადია, უფეხბურთოდ ცხოვრებაში ადგილობრივ, ჩვენებურ ფეხბურთს ვგულისხმობ, თორემ ევროპული ფეხბურთი არ გვაკლია. ჩვენი გუნდი გვინდა ევროპაში, იქაურ მარაქაში გარეული. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ უფეხბურთობამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს. ვდგავართ ქართველი ფეხბურთისმოყვარულები და ვუყურებთ ინგლისის პრემიერ ლიგას, ესპანეთის ლა ლიგას, იტალიის სერია ა-ს, გერმანიის ბუნდესლიგას, საფრანგეთის ლიგა 1-ს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგას, ჰოლანდიის ერედივიზიონს, ბელგიის ჟუპილერ ლიგას, ამერიკის მლს-ს და ვიცით ასამდე კლუბის ისტორია, გუნდების შემადგენლობა, პრეზიდენტები და დირექტორები, ხელფასების რაოდენობა, ტრანსფერები, სატურნირო მდგომარეობა, სტატისტიკები. არადა, გვირჩევნია თბილისის „დინამოს“ ვქომაგობდეთ, ბათუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, გორის „დილას“, წყალტუბოს „სამგურალს“, ბოლნისის „სიონს“, საგარეჯოს „გარეჯს“, ტყიბულის „მეშახტეს“, დუშეთის „არაგვს“, ვანის „სულორს“, სენაკის „ეგრისს“, გურჯაანის „ალაზანს“ და სხვებს, ჩვენი სოფლების, ქალაქების, კუთხეების გუნდებს. ქართული ფეხბურთის ავან-ჩავანში უნდა ვერკვეოდეთ კარგად. წყალტუბოელი ქომაგები ავტობუსებს უნდა ქირაობდნენ და თელავში დიდი ზარ-ზეიმითა და ყიჟინით ჩადიოდნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ; გორელ პოლიციელებს განსაკუთრებულად არ უნდა უყვარდეთ ქუთაისელი ქომაგები, როგორც ყველაზე მოხმაურეები და ჩხუბისთავები; ბათუმიდან უკან მობრუნებული „გარეჯელების“ სასწაულებრივმა გამარჯვებამ თასის ნახევარფინალში „დინამოს“ წინააღმდეგ მთელს საგარეჯოსა და მის სოფლებში სახალხო დღესასწაული უნდა გამოიწვიოს. ასე უნდა იყოს. ასეა ნორმალური. ასეა ნორმალურ ქვეყნებში, ასეა ევროპაში. აბა, ჩელსი რომ ჩემპიონთა ლიგას იგებს და მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგას, ჩვენ რა? ჩვენ რა, მბაპე თუ რეალში გადავა და ჰაალანდი ბარსელონაში? ჩვენ ჩვენი გვინდა. ჩვენი ფეხბურთი, ჩვენი ნაკრები, ჩვენი გუნდი, ჩვენი ჯიგარი, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი გამარჯვება! ჩვენი!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG