Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე და სასამართლო პროცესი, სადაც ქალის გარდაცვალება ცნობად მიიღეს


„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით“, უთხრა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს, წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე.

დღეს ბათუმში ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ყოფილი ვიცე-მერის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

გარდაცვლილ ქალს და ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ და სასამართლო დავაც ჰქონდათ. ბერიძის მტკიცებით, მოკლულ ქალთან მას უკანასკნელი 6 თვეა, ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია.

„პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე“, - უთხრა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებს.

მოკლული ანასტასია შატალოვას ადვოკატმა პაატა შავაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ანასტასია შატალოვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მასსა და მის შვილზე ბერიძემ იძალადა და დაემუქრა. სასამართლომ ზურაბ ბერიძეს ბრალი წარუდგინა, შემდეგ კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის თქმითვე, ზურაბ ბერიძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც ვადა ამოეწურა.

„მე ინფორმაცია მაქვს, რომ ბოლო დროს ისინი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა მოლოდინი, რომ მის მიმართ ძალადობას ისევ ექნებოდა ადგილი, ამიტომ დამავალა მე, როგორც მის ადვოკატს, რომ მიმემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოწერის მოთხოვნით. დღეს გვქონდა სასამართლო პროცესი, სადაც ქალის გარდაცვალება მივიღეთ ცნობად“, - ამბობს პაატა შავაძე.

გასულ წელს ანასტასია შატალოვა ზურაბ ბერიძეს საჯაროდ სდებდა ბრალს მათი საერთო შვილის მოტყუებით წართმევაში. ქალი ამბობდა, რომ მისი შვილის მამა ბავშვს არც კი ანახვებდა.

მოგვიანებით დედამ ბავშვი სასამართლოს წესით დაიბრუნა დროებითი განკარგულებით, ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდებოდა.

შსს-ს განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ.

მედიის ცნობით, საქმეზე ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რაც ოფიციალური ინფორმაციით ჯერჯერობით არ დასტურდება.

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. პოლიცია კი ყველა ვერსიაზე მუშაობს, რაც ამ ფაქტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

„მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG