Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანს შესაძლოა, უფლებამოსილება ჩამოართვან


ფოტო არქივიდან: ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი

ჩეხეთის სენატის ხელმძღვანელები და საპარლამენტო პარტიების ლიდერები საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ პრეზიდენტ მილოშ ზემანის უფლებამოსილების საკითხზე. 18 ოქტომბერს, სენატის სპიკერმა, მილოშ ვისტრჩილმა პრაღის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზემანის მიერ უფლებამოსილების შესრულება ნაკლებად სავარაუდოა.

შექმნილი ვითარების გამო, ჩეხეთის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, კონსტიტუციის შესაბამისად განაწილდება, თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შორის.

77 წლის მილოშ ზემანი 10 ოქტომბრიდან იმყოფება პრაღის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩეხეთის პრეზიდენტის დიაგნოზს ექიმები არ ასაჯაროებენ. ზემანის ჰოსპიტალიზაციამდე ერთი დღით ადრე, ჩეხეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია ოპოზიციურ ალიანსთან დამარცხდა. კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.

პუტინის რუსეთისა და ჩინეთისადმი სიმპათიებით ცნობილი მილოშ ზემანის გარემოცვა პრეზიდენტის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს ზემანის თავიდან მოშორების მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG