Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ამის შესახებ მან მედიას ხელვაჩაურში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს.

ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ, აი, ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. ძალიან ბევრ ადგილას, ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი ბევრი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ, დარწმუნებული იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში. ეს არ არის საკმარისი. მე მინდა ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არჩევნების დღეს არცერთი არ დარჩეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და მათმა გუნდმა „ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს მოსახლეობა“, რის უფლებასაც ხელმეორედ აღარ მისცემენ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ის არჩევნების შემდეგ აღარ გააკეთებს კომენტარს მიხეილ სააკაშვილის შესახებ და იმავეს მოუწოდებს თავისი გუნდის წევრებს. მანამდე კი საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებას შეახსენოს, რომ

„ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან, შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 46%-ზე მეტმა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-ზე მეტმა. 30 ოქტომბერს, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მერის არჩევნების მეორე ტური. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

XS
SM
MD
LG