Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი: სააკაშვილს განაჩენის გასაჩივრება უნდა შეეძლოს, მანამდე კი პატიმრობიდან გათავისუფლდეს


ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ინიციატივით გამოდის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოტანილი განაჩენის გადახედვის საკანონმდებლო შესაძლებლობა გაჩნდეს. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ მანამდე სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ის პატიმრობაშია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ ერთი - მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე - განვიხილოთ ცვლილება, რომ ეს პირი სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გადავადდეს მისი მსჯავრის მოხდის პროცესი. ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა", - თქვა სამადაშვილმა.

საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ამ დროიდან შიმშილობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG