Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის ერთი სადარბაზო ავარიულია - ექსპერტიზის დასკვნა


ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის პირველი სადარბაზო ავარიულია, თუმცა გამაგრებას ექვემდებარება. მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სახლის ექსპერტიზის პასუხი ბათუმის მერიაში დღეს მიიღეს.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი კორპუსის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით“.

რას შეეხება ამ კორპუსის ნაწილს, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე გადის, რომლის სადარბაზო ემიჯნებოდა ჩამონგრეული სახლის კედელს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს“.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განმარტებიით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ სახლის ერთ-ერთი სადარბაზოს ავარიულობა გამოიწვია პირველ სართულზე კერძო მესაკუთრის მიერ წარმოებულმა სარემონტო სამუშაოებმა და არა 8 ოქტომბერს კორპუსის ნაწილის ნგრევამ.

მისივე თქმით, მემედ აბაშიძის 56 ნომერში პირველ სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვა გაცემული იყო, თუმცა სპეციალური მუნიციპალური სამსახურის მიერ სამუშაოების გადამოწმებისას დადგინდა, რომ იგი პროექტთან იყო შეუსაბამო.

მეპატრონე დაჯარიმდა და დაევალა, რომ სახლის კონსტრუქციული ნაწილი პირველად მდგომარეობაში მოიყვანოს, რასაც, ლელა სურმანიძის თქმითვე, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

მემედ აბაშიძის ქუჩის 56 ნომერში მდებარე კორპუსიდან 40-ზე მეტი ოჯახი 15 ოქტომბერს გაიყვანეს პრევენციის მიზნით, მას შემდეგ, რაც პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლისა და ბოძის ნაწილი იყო გამოღებული.

გასულ კვირას კი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ჩამონგრეული კორპუსის დარჩენილი ნაწილი ავარიულია და დემონტაჟს საჭიროებს, კორპუსში მცხოვრები 40 მდე ოჯახი 8 ოქტომბერსვე გაიყვანეს დროებით საცხოვრებელ ფართში.

ბათუმში 8 ოქტომბერს მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. ნგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1 გადარჩენილი კლინიკაში მკურნალობს.

ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG