Accessibility links

site logo site logo

პრემიერმა მოსაყდრე შიოს შესახებ გვარამიას გადაცემა შეაფასა ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკად


ირაკლი ღარიბაშვილი

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ტელეგადაცემას, რომელიც ეძღვნებოდა პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს საკვირაო ქადაგებას, გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე - ეკლესიის წარმომადგენლებზე. მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას - მთავარ ფუნდამენტს. ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია. ერთის მხრივ, არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებამდე ნიკა გვარამიას გადაცემის შესახებ „იმედის" ეთერში ილაპარაკა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა. პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს“, - თქვა დეკანოზმა.

სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგების“ იდეას შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, - თქვა მეუფე შიომ და მრევლს პავლე მოციქულის სიტყვები შეახსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“

14 ოქტომბერს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საზოგადოებას და პოლიტიკოსების შერიგებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG