Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხავიერ კოლომინა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს


ხავიერ კოლომინა, სალომე ზურაბიშვილი.
ხავიერ კოლომინა, სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო NATO-ს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა.

შეხვედრისას ისაუბრეს აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალი მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.

კოლომინა ასევე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. „საქართველო NATO-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგი უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან", - თქვა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ხავიერ კოლომინამ აღნიშნა NATO-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.

ხავიერ კოლომინამ, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა, საქართველოში პირველი ორდღიანი ვიზიტი 19 ოქტომბერს დაიწყო.

ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინამ, რომელიც მანამდე NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შეცვალა კანადელი ჯეიმს აპატურაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG