Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გამოცდებზე მესამე არჩევითი საგნების რიცხვი ფართოვდება და იცვლება ტესტების ფორმატი


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, მათემატიკის და ისტორიის გარდა, აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.

სახელოვნებო მიმართულებით კი, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ა.შ.

საგნების სრული ჩამონათვალი სწავლის სფეროების მიხედვით უკვე გამოქვეყნდა სამინისტროს საიტზე.

"მოსწავლეების ინტერესი გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ და ყველა იმ საგნების მიმართ, რომელიც ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული. ამავდროულად, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ის საგანი, რომელიც უფრო რელევანტური არის კონკრეტული პროგრამისთვის..." - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იცვლება ტესტების ფორმატიც, მხოლოდ ჩამოთვლილ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა

1. ტექსტის რედაქტირება;

2. წაკითხულის გააზრება

აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ კითხვებს, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს.

3. წერითი დავალება

აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც "წაკითხულის გააზრების" დროს აირჩია.

წინა წლისგან განსხვავებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა.

ტესტის შესასრულებლად გამოყოფილი იქნება 3 საათი.

  • გეოგრაფია

რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, შედეგად, ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59.

აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა.

არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

კითხვების ნიმუშები მოცემულია განათლების სამინისტროს საიტზე.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, 2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG