Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრო ახალი ბრალდების წარდგენას 


პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ კომენტარის გარეშე დატოვა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროკურორმა ბრალდების დადგენილება ციხეში მხოლოდ ადვოკატებს გააცნო. „მიხეილ სააკაშვილმა არ გამოთქვა სურვილი შეხვედროდა პროკურორს", - თქვა ადვოკატმა.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ბრალდებას, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანო გადმოკვეთას, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

„რეალურად ამ ბრალს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია, სასაცილოა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა საზღვრის უკანონო კვეთისთვის, მაშინ, როდესაც უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად გახდომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრები თითქმის არ არსებობდა, დაცულობის ხარისხს ვგულისხმობ. ეს ბრალდება არაფერს არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უსაფრთხოება და სიცოცხლე გარისკა, როდესაც არ წამოვიდა იმ გზით, რაც დაანონსებული იყო, თვითმფრინავით. პრინციპში, მიზეზიც ძალიან ლოგიკური იყო, ვინაიდან ვიცოდით, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ის თვითმფრინავი არ დაესვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდომის შემთხვევაში „ქართული ოცნება" გვიანონსებდა კონტრაქციებს და არსებობდა ადამიანების დაზარალების რისკი", - აცხადებს საძაგლიშვილი.

ადვოკატი ბექა ბასილაია ვარაუდობს, რომ წინასასამართლო სხდომის გასამართად გამოიყენებეს მაქსიმალურ ვადას. მისი თქმით, შესაძლოა, პროცესი 40 დღეც არ დაინიშნოს.

ბასიალაიამ ილაპარაკა სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიას შესახებაც, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს. „მიხეილ სააკაშვილია რის ზვიად გამსახურდიას გზის გამგრძელებელი. ეს არის გმირული ნაბიჯი და ამ გმირული ნაბიჯს ელგუჯა ცომაია ასევე შეხვდა გმირულად. ცომაია არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს და შესაბამისად, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას დაუდგა გვერდით. გავა დრო და ელგუჯა ცომაია გმირად ჩაეწერება", - მიიჩნევს ადვოკატი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ელგუჯა ცომაიას დახმარებით შემოვიდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ მიზეზით მას ბრალი დაუმძიმდა.

პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.

სააკაშვილი ამჟამად ორ საქმეზეა მსჯავრდებული და მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG