Accessibility links

site logo site logo

„დროას“ წევრს პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს


ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა საპროტესტო პლაკატით დახვდა და მასთან გასაუბრება სცადა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა. ის სამართალდამცავებმა და ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტერიტორიას განარიდეს. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

პლაკატზე იყო წარწერა: „ჟურნალისტობა დანაშაული არაა, ლექSOS თვის!!! გვახსოვს”. მარიამ სიჭინავას თქმით, პრემიერისთვის კითხვის დასმა სურდა, რატომ არის აგრესია ჟურნალისტების მიმართ და რატომ არ ხდება ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება.

მისი განცხადებით, პრემიერის დაცვის წევრი შეეცადა მისთვის პლაკატის დახევას, სუს-ის თანამშრომელმა გიორგი სალიამ კი, პირზე ხელი ააფარა, რომ მისი მიმართვა პრემიერს არ გაეგო.

ერთი ადამიანი მოვედი, ერთი პლაკატით. ერთი ადამიანის შეეშინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დაცვამაც გადაწყვიტა, ჩემთვის დაეხია ეს პლაკატი, რომელიც მას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა”, - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

პრემიერი ამ წუთებში ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ხვდება პარტიის წარმომადგენლებს.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის იყვნენ რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ჟურნალისტი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 31 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG