Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მის ადვოკატებს უპასუხა


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას. მისი სიტყვებით, თუ ისინი საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას „შურისძიებად“ აფასებენ, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, შექმნილია არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც შედიან სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი, რომელთა რეკომენდაციების უმრავლესობაც შესრულებულია.

სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რის შესახებაც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბექა ბასილაიას თქმით, ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, არ ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე".

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამჟამად ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“. ამასთან, ნიკოლოზ ყოფშიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG