Accessibility links

site logo site logo

ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება ნიშნავს სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე უარის თქმას 


დიმიტრი საძაგლიშვილი

დიმიტრი საძაგლიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ეხმაურება ჰოსპიტალიზაციის საკითხზე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას. ადვოკატის შეფასებით, მინისტრის განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის გლდანის ციხეში, - აღნიშნავს საძაგლიშვილი და განაგრძობს, - ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა“.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულებები კერძო კლინიკებიდან და რუსთავის #12 დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკებში. „აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, არამედ ეს არის სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა“, - დააზუსტა მან.

იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას. მისი სიტყვებით, თუ ისინი საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას „შურისძიებად“ აფასებენ, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

20 ოქტომბერს ბრეგაძემ დაასახელა ის ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს მკურნალობა. „თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამჟამად ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“. ამასთან, ნიკოლოზ ყოფშიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG