Accessibility links

site logo site logo

ვასილ ურუშაძე: კოალიციური მმართველობა უნიკალური შანსია მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად


ვასილ ურუშაძე, ნიკა მელიას მიერ დასახელებული კოალიციური კაბინეტის წევრობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, არჩევნების მეორე ტურში გადასულმა ნიკა მელიამ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ წევრად „ჰაბ ჯორჯიასა“ და „სამოქალაქო მოძრაობა 20|20“-ის წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე დაასახელა. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ვასილ ურუშაძე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის თანამდებობას დაიკავებს. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ სტუმრობისას ვასილ ურუშაძემ თქვა, რომ ჯგუფის დაკომპლექტებისთვის წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მმართველობის ყველაზე კარგი ფორმა კოალიციური მმართველობაა.

„როცა შენ შეგიძლია თამამად გაუწიო წინააღმდეგობა, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და არ გვაქვს გარკვეული პარტიული პასუხისმგებლობა ან რიდი, როგორც ეს სხვა მმართველობის შემთხვევებში ხდებოდა... როცა კოალიციურია, შენ ანგარიშვალდებული ხარ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ანგარიშვალდებული ხარ საზოგადოებასთან და ეს პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა საბოლოო ჯამში ქმნის უნივერსალურ მოდელს. სხვადასხვა ხედვების გაზიარების შედეგად გამოდის ყველაზე ოპტიმისტური და ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი, რაც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, იმიტომ რომ იყო განსხვავებული აზრები სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ კაბინეტის წევრობას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ოპოზიციის მხრიდან გამოიხატა მზაობა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვებისა და დამოკიდებულების გათვალისწინების შესახებ:

„ეს შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენ ამის თანხმობას არ გავცემდით და პროცესში მონაწილეობას არ მივიღებდით. ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათთან გვქონდა პოლემიკა, მათთან გვქონდა შეჯამება ამ საკითხების და მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადეთ თანხმობა“, - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ. მან გადაცემაში თქვა, რომ ნიკა მელიას გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის რეალურად ამოქმედების შემთხვევაში, თუ თავისი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებს, პირველი იქნება, ვინც მთავრობას დატოვებს:

„ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო იყოს რეგიონული ჰაბი, თბილისი იყოს ეკონომიკური ცენტრი, ფინანსური ცენტრი, რასაც სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება. და ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში პირველ რიგში იგულისხმება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ეს შესაძლებლობა მოგვეცემა, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და დღეს, როგორც ვხედავ, კოალიციური მმართველობა არის ერთ-ერთი უნიკალური შანსი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ „საღამოს საუბრებში“.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატები დაასახელა. გუნდში შევიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოს", "ერთიანი საქართველოს", "დროას" წევრები და ასევე რამდენიმე უპარტიო კანდიდატი.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. თბილისის მერობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, კახა კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 45,006% ერგო, ხოლო ნიკა მელიას - 34,011%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG