Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მამა დროებით გადაიყვანეს „ჩაფიძის გულის ცენტრში“


ნიკოლოზ სააკაშვილი
ნიკოლოზ სააკაშვილი

ნიკოლოზ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაიყვანეს. როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ინფორმაციას გაწვდით პაციენტთან შეთანხმებით და ნებართვით. ბატონ ნიკოლოზს აქვს გულის ქრონიკული დაავადება, ამჟამად არის ამ დიაგნოზის გამწვავება, უტარდება სტაციონარული მკურნალობა, გამოკვლევები. დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს კლინიკას. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - უთხრა „მთავარ არხს“ ექიმმა ნიკა ქურიძემ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, მათ მამას მოციმციმე არითმიის ნიშნები ჰქონდა და ოჯახმა გადაწყვიტა „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაეყვანა, ერთი დღით, გამოკვლევებისთვის.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მამისთვის განსაკუთრებით რთულია შვილის ნახვა გისოსებს მიღმა.

ნიკოლოზ სააკაშვილი 9 ოქტომბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შვილის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG