Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: თალიბები მიწებს ართმევენ და ასახლებენ ჰაზარებს და სხვა არალოიალურ ეთნიკურ ჯგუფებს


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) თალიბანს ადანაშაულებს შიიტი ჰაზარების ასობით ოჯახის „კოლექტიურ დასჯაში“, რაც მათთვის მიწებისა და სახლ-კარის ჩამორთმევასა და სხვა რაიონებში გადასახლებაში გამოიხატება.

სუნიტური რადიკალური დაჯგუფების სამიზნეს წარმოადგენს ის ჰაზარები, რომლებიც ავღანეთის წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა სუნიტურმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ხელთ იგდო ძალაუფლება, თალიბებმა უბრძანეს შიიტ ჰაზარებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი და მიწები. „ჰიუმან რაიტს უოჩის" თანახმად, უმრავლეს შემთხვევაში ასეთი გაფრთხილება კეთდებოდა ბრძანების აღსრულებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, რათა ჰაზარებს არ ჰქონოდათ დრო სამართლებრივი პრეტენზიებისათვის.

ნიუ-იორკში მდებარე უფლებადამცველი ორგანიზაციის 22 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, თალიბებმა ეთნიკურ ჰარაზებს ოთხ პროვინციაში აიძულეს სახლ-კარისა და ფერმების დატოვება. მეხუთე პროვინციაში კი მათ ხელთ იგდეს ის ქონება, რომელიც ავღანეთის წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო მოხელეებს გაუნაწილა.

„თალიბები ძალადობრივად ასახლებენ ჰაზარებსა და სხვა პირებს მათი ეთნიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე, რათა მათი ქონებით დააჯილდოონ თალიბანის მომხრეები“, - განაცხადა პატრიცია გროსმანმა, „ჰიუმან რაიოტს უოჩის“ აზიური მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

ორგანიზაციის თანახმად, სექტემბერ-ოქტომბერში თალიბებმა და მათთან კავშირში მყოფმა სხვა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ჰაზარები ხუთი პროვინციიდან: ჰილმენდიდან, ბალხიდან, დაიყუნდიდან, ურუზგანიდან და ყანდაარიდან გაასახლეს. ყველაზე დიდი იძულებითი გადაადგილება დაიყუნდისა და ურუზგანის 15 სოფლიდან მოხდა, საიდანაც ჯამში 2800 ჰაზარი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში გაასახლეს.

ჰაზარები სპარსულად მოსაუბრე ირანელი ხალხია, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ავღანეთში. შიიტური ისლამის მიმდევარი ჰაზარები ავღანეთის სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს და მთლიანი მოსახლეობის 9%-ს შეადგენენ.

თალიბანმა 15 აგვისტოს ჩამოაგდო ავღანეთის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი უჭერდა მხარს. მას მერე იზრდება შიში, რომ ის კვლავ დაუბრუნდება რეპრესიულ მეთოდებს, რომლებსაც 1996-2001 წლების მმართველობის პერიოდში იყენებდა.

XS
SM
MD
LG