Accessibility links

site logo site logo

ბექა ძამაშვილი: 3300 საჩივრიდან 1 საქმეც რომ წაეგო საქართველოს, ნიშნავდა, რომ ომში მანაც რაღაც დააშავა


ბექა ძამაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20 ოქტომბრის განჩინებები, რომლის საფუძველზეც დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივრები საქმეებზე „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. დაუშვებლად ცნობილი საჩივრები ნაწილია იმ საჩივრებისა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა.

2008-2009 წლებში, რუსეთის კოორდინაციით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი საჩივარი შევიდა. როგორც ბექა ძამაშვილმა „საღამოს საუბრებში“ განმარტა, ამ საჩივრებიდან სასამართლომ შინაარსობრივი მსჯელობისთვის მხოლოდ 9 საქმე აარჩია, 2800-დან 3000-მდე საჩივარი კი დამატებითი კითხვების გარეშე თანდათან ამორიცხა. მისი თქმით, ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც საქართველოს მხარემ წარადგინა სასამართლოში. ბექა ძამაშვილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი ინდივიდუალური სარჩელია დარჩენილი, თუმცა ამბობს, რომ 300-ზე მეტი ვეღარ იქნება:

„დანამდვილებით ვიცით, რომ 300-ზე მეტი ვერ იქნება ფიზიკურად, რადგან დანარჩენი ამორიცხულია. რაც ზუსტად ვიცით, სასამართლომ ეს 9 ამოარჩია, სადაც კითხვის ნიშანი შეიძლებოდა გაჩენილიყო მეტ-ნაკლებად. ეს საჩივრები სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა და იგი დიდ პალატაში აღარ საჩივრდება. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეებზე. დანარჩენი საჩივრები პრეცედენტულად გაჰყვება ამ ხაზს და სასამართლოს მოუწევს თანდათანობით მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეიძლება აღარ მოხდეს განჩინების სახით, შესაძლოა ამოირიცხოს, როგორც დანარჩენი უამრავი საჩივარი, მაგრამ, შესაძლოა, სასამართლომ იმსჯელოს და გამოაცხადოს ისეთი ფორმით, როგორც ეს გუშინ მოხდა“, - განაცხადა „საღამოს საუბრებში“ ბექა ძამაშვილმა. გადაცემაში მან ევროპული სასამართლოს 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ რისკებს, რომლის წინაშეც საქართველო, როგორც მოპასუხე მხარე, აღმოჩნდა აღნიშნული საჩივრების განხილვის პროცესში:

„3 300 საჩივრიდან 1 საქმეც რომ წაეგო საქართველოს, ეს უკვე ნიშნავდა, რომ საქართველომაც რაღაც დააშავა ამ ომში. რუსეთი ამას ძალიან კარგად გამოიყენებდა და ფაქტობრივად ჩვენ, უკვე როცა აღსრულების ეტაპზე მივიდოდით სტრასბურგში, დავსხდებოდით ორი მხარე, რუსეთი და საქართველო... რა თქმა უნდა, პროპორცია განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენც მოპასუხე ვიქნებოდით და გამოვიდოდა, რომ საქართველომაც დაარღვია. შესაბამისად, იანვარში რა გამარჯვებაც მოვიპოვეთ, ძალიან დიდი ჩრდილი მიადგებოდა ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

დაუშვებლად ცნობილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი უფლებები ქართულმა მხარემ დაარღვია.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

იუსტიციის მინისტრის თანახმად, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება, შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები. მინისტრისვე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს 20 ოქტომბრის განჩინება, აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ძალიან დიდ წარმატებას. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და რამდენიმე დღე გასტანა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG