Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი კოსოვოელ მოკრივეებს არ აძლევს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალებას


მოყვარულთა კრივის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებას მართავს სერბეთის კრივის ფედერაციასთან, იმის გამო, რომ ბელგრადი უარს აცხადებს კოსოვოელ მოკრივეებს მისცეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კრივში სერბეთში ტარდება, 24-დან 6 ნოემბრამდე. კოსოვოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 23 ოქტომბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ მის სპორტსმენებს სერბმა ოფიციალურმა პირებმა უკვე ორჯერ უთხრეს უარი საზღვრის გადალახვაზე.

ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი ამბობს, რომ პირველ ჯერზე მისი გუნდი უკან კოსოვოს ეროვნული სიმბოლიკის ტარებისთვის გააბრუნეს. კომიტეტის თქმით, გუნდი პრიშტინაში დაბრუნდა და შემდეგ კიდევ ერთხელ, სიმბოლიკის გარეშე სცადა სერბეთში გადასვლა, თუმცა ამ ჯერზეც უარი მიიღო.

სერბეთის ყოფილმა ნაწილმა, კოსოვომ, დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის 100-მდე სახელმწიფოს მიერაა აღიარებული, თუმცა ბელგრადში მოქმედი ხელისუფლება მას კვლავაც სერბეთის ნაწილად მიიჩნევს.

სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაცია (AIBA) ამბობს, რომ "ვითარების გამოსწორებას" ცდილობს სერბეთის კრივის ფედერაციასთან კონტაქტით. ასოციაციის განცხადებით, "ყველა სპორტსმენს უნდა მიეცეს სამართლიანი შანსი მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში და რინგზე გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები", და დასძენს - "სპორტის მიზანია ადამიანების გაერთიანება, და ის ნაციონალური პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG