Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის შენობის ერთ ნაწილზე ერთი სართულის დაშენება იგეგმებოდა - შეიცვალა რამე?


დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საქართველოს პარლამენტის შენობის ერთ ნაწილზე ერთი სართულის დაშენება იგეგმებოდა. შესაბამისი სამუშაოებისთვის პარლამენტმა მზადება ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში დაიწყო და შესაბამისი საკონსულტაციო-საინჟინრო სამუშაოები დაიწყო.

რისი დაშენება იგეგმებოდა?

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამი კორპუსისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დატვირთული ნაწილი "C" ნაწილია, სადაც საშვთა ბიუროა და რომლის გავლაც პარლამენტარებს, პარლამენტის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა თუ მოქალაქეს შენობაში მოსახვედრად აუცილებლად უწევთ.

პარლამენტის "C" ბლოკი
პარლამენტის "C" ბლოკი

დაშენება სწორედ "C" ნაწილში იგეგმებოდა. გეგმის მიხდვით:

  • "C" კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე უნდა დაშენებულიყო ერთსართულიანი ნაგებობა (170-170 კვ.მ. სამუშაო სივრცე);
  • ასევე ცენტრალურ ფლიგელის მე-7 სართულზე, სადაც 1200 კვ.მ. ზომის სამუშაო სივრცე უნდა მოწყობილიყო, დაგეგმილი იყო გადახურვის მოხსნა და ერთი სართულის დაშენება.

ორივე შემთხვევაში სივრცე მინის გამჭვირვალე კედლებით, ტრანსფორმირებადი ტიხრებითა და მსუბუქი გადახურვით უნდა მოწყობილიყო.

იმის გამო, რომ შენობის ამ ნაწილზე იზრდებოდა დატვირთვა, აუცილებელი გახდა კვლევის ჩატარება. კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 150 ათასი ლარი დაუჯდა.

რატომ ვერ დააშენეს პარლამენტს დამატებითი სართული?

კვლევის მიხედვით, იმისთვის, რომ დაგეგმილი დაშენების სამუშაოები განხორციელებულიყო აუცილებელი იყო შენობის ამ ნაწილის გაძლიერება.

"C ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელებში მზიდუნარიანობის გაზრდის ღონისძიებები უნდა დაპროექტდეს და შემდგომ განხორციელდეს ცენტრალურ ფლიგელში განხორციელებული ნაკერების გამმიჯნავი ჩანართი-ჩარჩოების მოწყობის მეთოდით გაძლიერების ანალოგიურად", - ეწერა დასკვნაში.

რა ხდება ახლა?

საქართველოს პარლამენტმა "C" კორპუსის გაძლიერების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მომზადებისთვის საჭირო ტენდერი გამოაცხადა. ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 360 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული - დოკუმენტი პარლამენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 120 დღეში უნდა ჩაბარდეს.

ისევ იგეგმება პარლამენტის შენობის ნაწილზე ერთი სართულის დაშენება?

ახალი ტენდერის გამოცხადებით, პარლამენტი ცდილობს შეასრულოს ის სამუშაოები, რომელიც საჭირო იყო "C" კორპუსის გასამაგრებლად, რის გარეშეც დაშენება შეუძლებელი იქნება. სამუშაოების დამთავრება დროში იქნება გაწელილი - ჯერ ის კომპანიის შესარჩევი ტენდერია, რომელმაც შენობის გასაძლიერებელი სამუშაოებისთვის საჭირო შესყიდვისთვის დოკუმენტები უნდა მოამზადოს. შემდეგ პარლამენტი იმ კომპანიას მოძებნის, რომელიც ისტორიულ შენობას გამაგრების სამუშაოებს ჩაუტარებს.

მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ამ საკითხზე მასალა დაწერა, საქართველოს პარლამენტს განმარტების გავრცელება მოუწია. განცხადების მიხედვით, დაშენება აღარ იგეგმება.

"მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით. საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG