Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელ მოზარდზე თანატოლების სავარაუდო ძალადობას პოლიცია იძიებს


პოლიციამ გამოძიება დაიწყო ბათუმში, სკოლის მოსწავლე გოგოზე თანატოლი გოგონების მხრიდან სავარაუდო ძალადობის და სოციალური ქსელით, შესაბამისი ვიდეოს გავრცელების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო. ვიდეოს მიხედვით, მოზარდს აიძულებდნენ საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას.

პოლიციამ არასრულწლოვნები მშობლების და სოციალური მუშაკების თანდასწრებით გამოკითხა. არსებული ინფორმაციით, ვიდეოს გადაღებასა და ინტერნეტით გავრცელებაში მონაწილეობდნენ რამდენიმე სკოლის მოსწავლეები. ზოგიერთმა მშობელმა ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირაში შეიტყო და პოლიციას მიმართა ახალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რადგან მომხდარს და ვიდეოს გავრცელებას მოზარდებში ურთიერთაგრესია მოჰყვა.

საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით - „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.

ძალადობის ამსახველი ვიდეოს ინტერნეტით გავრცელების შესახებ, 24 ოქტომბერს გახდა ცნობილი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგისთვის, რომელმაც ორი მოსწავლე ამოიცნო და სკოლის დირექციას შეატყობინა. დღეს, 25 ოქტომბერს, სკოლაში დაიბარეს სავარაუდო ძალადობის მონაწილეები და მათი მშობლები.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის გარეთ, არასასწავლო საათებში მოხდა. სკოლაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ვიდეო მოსწავლეებმა მალევე წაშალეს, თუმცა, შემდეგ ვირუსულად, პირად მიმოწერებში გავრცელდა. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, პროცესში ჩართეს მანდატურის სამსახური და ფსიქოსოციალური მომსახურების სააგენტო, რადგან აცნობიერებენ ბავშვებზე მომხდარი ფაქტის შესაძლო გავლენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG