Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მწარიაშვილი სააკაშვილის საქმეებზე: განაჩენები უნდა გამოქვეყნებულიყო, ბრალდებები საჯარო უნდა ყოფილიყო


მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი
მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი

თბილისის ყოფილი პროკურორი, კომპანია BLB-ის პარტნიორი მაია მწარიაშვილი „საღამოს საუბრებში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა იმ სტანდარტების მართლმსაჯულების ქონა, რომელსაც ენდობიან და რომლის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჩნდება.

„ამ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური ინტერესი ამხელაა, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თუ არ წახვალ პოლიტიკიდან, დაგიჭერთ, დაგიმატებთ კიდევ სხვა ბრალდებებსაც, ჭკვიანად თუ არ მოიქცევი, როდესაც მანამდე სასამართლოები დახურულ რეჟიმში დაუსწრებლად მიმდინარეობდა და ჩვენ არც განაჩენი ვიცით და არც ბრალდების დოკუმენტი ვიცით, თავისთავად ცხადია, რომ ასეთი დახურული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობა ნულოვანი იქნება“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეებისადმი ელემენტარული ნდობა მაინც რომ გასჩენოდა, ამისთვის საჭირო იყო ბრალდებების გასაჯაროება და განაჩენების გამოქვეყნება:

„პრეზიდენტის მსჯავრდებაზეა საუბარი, განაჩენები უნდა გამოქვეყნებულიყო, ბრალდებები საჯარო უნდა ყოფილიყო, ანუ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მსჯავრი რაში დაედო პრეზიდენტს, განაჩენში რა წერია. მე, როგორც იურისტს, ასეც მაინტერესებს და როგორც მოქალაქეს, ამ შემთხვევაშიც მაინტერესებს“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა, რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის შექმნაში თავად მიხეილ სააკაშვილის როლი დიდია:

„მართლმსაჯულება რომ არ არის ამ ქვეყანაში, სხვათა შორის, ამაში ძალიან დიდი როლი, ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი, არის თავად სააკაშვილის. ანუ ეს კლანური მართლმსაჯულება შექმნა იმ ხელისუფლებამ და გადმოიბარა ამ ხელისუფლებამ. ჩემი და თქვენი როლი არ არის, რომ ამ ქვეყანაში არ არის სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა „საღამოს საუბრებში“, რომელშიც დაუსწრებელი მართლმსაჯულების საკითხის პრობლემურობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ საზოგადოება ვეღარ მოისმენს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მაგალითად, გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ადვოკატი რას აჟღერებს, ეს მისი დაცვის პოზიციაა, მაგრამ საზოგადოებას ხომ აინტერესებს, ბრალდებაც აინტერესებს და აინტერესებს პრეზიდენტის პოზიციაც გირგვლიანის საქმეში ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა სამივე ინსტანცია დაუსწრებლად ამოიწურა და ჩვენ ამას ვერასოდეს ვეღარ მოვისმენთ“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა „საღამოს საუბრებში“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ამ უკანასკნელში ექსპრეზიდენტს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის პატიმრობის ვადის შემცირებას ედავებოდა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

ამჟამად, სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ორ საქმეს. ერთი საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ე.წ. პიჯაკების საქმეს. „7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. ე.წ. პიჯაკების საქმეზე კი სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევს. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG