Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ლოკდაუნის მიუხედავად, სათბურის გაზების ემისია შარშან რეკორდულად მაღალი იყო


გაეროს ამინდის სააგენტო აცხადებს, რომ სათბურის გაზების კონცენტრაციამ შარშან სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, მოუხედავად დროებითი შემცირებისა კორონავირუსის პირველ ეტაპზე შემოღებული ლოკდაუნის გამო.

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 25 ოქტომბერს გავრცელდა, მეტეოროლოგიური მსოფლიო ორგანიზაცია (WMO) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სიცხის შემაკავებელი გაზების დონემ 2020 წელს ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე უფრო სწრაფად მოიმატა.

ნახშიროჟანგის, მეთანის და აზოტის ოქსიდის კონცენტრაციის დონე აჭარბებს პრეინდუსტრიული, 1750 წლის წინანდელი პერიოდისას - როცა ადამიანებმა "დაიწყეს დედამიწის ბუნებრივი ეკვილიბრიუმის დარღვევა" ინდუსტრიული აქტივობით, ვკითხულობთ ანგარიშში. "ემისია თუ გაგრძელდება, გლობალური ტემპერატურაც გააგრძელებს მატებას" - წერენ სპეციალისტები და დასძენენ, რომ ტემპერატურის უკვე აღრიცხული დონე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნდება, მაშინაც კი, თუკი ემისია სწრაფად შემცირდება. ეს კი ნიშნავს "უფრო ექსტრემალურ ამინდს, მათ შორის სიცხეს და წვიმებს, ყინულის დნობას, ზღვის დონის მატებას და ოკეანის გამჟავიანებას, რასაც ფართომასშტაბიანი სოციოეკონომიკური შედეგი ექნება".

ანგარიშის გავრცელება რამდენიმე დღით უსწრებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას, რომელიც შოტლანდიაში, გლაზგოშია დანიშნული. გარემოს დამცველების, პოლიტიკოსების და მეცნიერების თქმით, გლაზგოს კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას იმ პასუხისმგებლობების განმტკიცებისთვის, რომლებიც განისაზღვრა პარიზის 2015 წლის ხელშეკრულებაში. გლაზგოს კონფერენცია 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება.

XS
SM
MD
LG