Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის კომიტეტის რეკომენდაციით, "ნარკანის" ურეცეპტოდ გაყიდვა უნდა დაიწყოს


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ორგანიზმიდან ნარკოტიკული საშუალების გამომდევნი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მედიკამენტი - "ნარკანი" რეცეპტის გარეშე გაიყიდოს აფთიაქებს. ზედოზირების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოუყენებლობამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

"ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ "ნარკანის" დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის თავმჯდომარემ.

სამედიცინო პლატფორმა vidal.ge-ის ინფორმაციით, "ნარკანი", რომლის სამედიცინო დასახელებაც "ნალოქსინია", ეფექტურია რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების დროს. ეს ნარკოტიკული საშუალებებია: მორფინი, ჰეროინი, კოდეინი, დიჰიდროკოდეინი, პეტიდინი, მეთადონი, პენტაზოცინი, ფენტანილი, აპომორფინი და კლონიდინი.

​"ნალოქსონის დოზა და შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, ასევე მოწამვლის გამომწვევი ოპიოიდური საშუალების სახეობასა და რაოდენობაზე", - აღნიშნულია პორტალზე.

დღევანდელი მოცემულობით, "ნარკანის" შეძენა მხოლოდ რეცეპტითაა შესაძლებელი. როგორც წესი, ეს მედიკამენტი აქვს სასწრაფო-დახმარების ჯგუფებსაც.

XS
SM
MD
LG