Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოთამაშე


ავტორი: მოთამაშე

ეს ცხოვრება მთაზე სვლას გავს, კლდოვან, სახიფათო მთაზე სვლას. მთა, რომელიც უკიდეგანო უფსკრულით და თვალმიუწვდენელი მწვერვალით, სასურველი და საშიშია ერთდროულად. ადამიანების უმეტესობა ამ მთაზე სვლას სხვათა მიერ უკვე გაკვალული ბილიკებით ცდილობს. იშვიათი, გაბედული და უნარიანები კი თავად იკვალავენ გზას, ზოგი წარმატებით, ზოგიც წარუმატებლად. ამის გარდა, კიდევ არსებობს ადამიანების ერთი კატეგორია, რომელთაც ჩვეულ ბილიკებს სრუალიად განსხვავებული და სახიფათო გზა არჩიეს. ექსტრემალები, ადრენალინის მოყვარულები, ან უბრალოდ სულსწრაფები, რომელთაც გზის შემოკლება და მთაზე პირდაპირ ასვლა გადაწყვიტეს. აი რას მომიყვა ერთი მათგანი, მრავალი წარუმატებელი მცდელობითა და საბედისწერო ვარდნებით გათანგული:

‌- ახლა, მრავალი დაცემის შემდგომ უფსკრულთან ვდგავარ, ძლივს გადავურჩი ფსკერზე დანარცხებას, მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობს, როდესაც მწვერვალზე ოცნებით მთვრალი მთის კლდოვან ქიმზე სახიფათო ნახტომს ასრულებს. თავიდან მეც უმრავლესობის მზგავსად ჩვეულ ბილიკებს მივუყვებოდი მუდამ, მაგრამ დამღალა ამ გზების ნელმა და მოსაწყენმა სვლამ, ამიტომ გადავუხვიე, იქ სადაც გამაფრთხილებელი წარწერაა ბრიყვებისთვის (ბრიყვებისთვის, რადგან ჭკვიანებმა ეს ისედაც იციან) ,,ფრთხილად, გზა სწრაფია, მაგრამ ძალიან სახიფათო". ყველაფერი წარწერის ბრალია, რომ არა ეს, ვითომ გამაფრთხილებელი წარწერა, ადამიანთა უმრავლესობა არ დაიღუპავდა თავს. მოუთმენლებს, რათ თქმა უნდა, მხოლდ ის ესმით, რომ ,,გზა სწრაფია", ხოლო იმის წასაკითხად და გასააზრებლად, რომ გზა აგრეთვე ძალიან სახიფათოც არის, დრო არ ყოფნით, ისინი ხომ ჩქარობენ. წარწერის მეორე ნაწილი მათთვის არაა, ეს მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვინც ამის გარეშეც ხვდება ყველაფერს...

‌როდესაც ზემოთ აღნიშნულ სახიფათო გზას დავადექი (მას ახლა ვუწოდებ ასე, თორემ მაშინ ეს გზა ჩემთვისაც, როგორც მასზე დამდგარი ყველა დანარჩენისთვის, მხოლოდ სწრაფი გზა იყო), სიფრთხილეს ვიჩენდი, მსუბუქ, ნაკლებად სარისკო ნახტომებს ვაკეთებდი და კიდევ უფრო მეტად ვწრმუნდებოდი, რომ ეს გზა მართლაც მხოლოდ სწრაფი იყო. მეჩვენებოდა, რომ ამ გზით შემეძლო რამოდენიმე დღით სავალი ბილიკების მანძილი საათებში და წუთებში დამეფარა. ნელნელა ვთამამდებოდი და სარისკო ნაბიჯებსაც არ ვერიდებოდი. ის აღარ მიფიქრია, რომ გზას ყოველთვის მინიმუმ ორი მიმართულება აქვს, მითუმეტეს, გზას, რომელიც ვერტიკალურია. და არ მიფიქრია, რომ წინსვლას შესაძოა უეცარი უკუსვლა მოჰყვეს. ასეც მოხდა, ერთ დღეში ერთი კვირის, თუ ერთი თვის სავალი გავიარე და ორ დღეში სამი თვის, მაგრამ დამავიწყდა რომ მთას ერთი ცუდი თვისებაც აქვს - როდესაც წაიქცევი, ჩვეული დაცემის მაგიერ, ვარდნას განაგრძობ, ერთი და ორი ნაბიჯით კი არა, მთელ ბორცვზე გორდები ზოგჯე, და ხშირად იქაც კი არ ჩერდები, საიდანაც სვლა დაიწყე, არამედ გაცილებით ქვემოთ ასრულებ ვარდნას...

‌როდესაც ფხიზლდები, ხვდები, რომ არათუ დრო მოიგე ამ გზის არჩევით, პირიქით, შენ ახლა კიდევ უფრო დაბლა ხარ, მწვერვალისგან კიდევ უფრო განუზომლად შორს. ხვდები, რომ გამაფრთხილებელი წარწერის მეორე ნაწილი მეტი ყურადღებით უნდა წაგეკითხა - ,,გზა ძალიან სახიფათოა". მაგრამ გგონიათ სულ ეს არის? მიხვდება ადამიანი ყველაფერს და სწორ მიმართულებას აირჩევს? პირიქით, თითქოს ეს გზა, რაც მეტად განარცხებს, მით მეტად გიზიდავს თავისკენ. ამ გზას თავისი ჯადოსნური მიმზიდველობა აქვს, რაც უფრო დაბლა ხარ, მით მეტად მიმზიდველად ჩანს და შესაძლებლად, ამავდროულად დაბლიდან არც ისე სახიფათოდ მოსჩანს. თან ყველაფერთან ერთად, როდესაც გახსენდება, რამდენად შორს შეძელი სვლა და რა სწრაფად, აგრეთვე იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ბევრი დაკარგე, გიბიძგებს არ გაჩერდე. ფიქრობ რომ, ამ გზით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება სწრაფად დაუბრუნდე ადრინდელ მიღწეულს და უფრო მეტსაც. ამ დროს ადამიანის უბედურება ის არის, რომ მხოლოდ წინ იყურება, მომავლისკენ, ოცნებებისკენ და ვერ ხედავს რომ დასაკარგი შეიძლება კიდევ ბევრი იყოს. მე, რომ მაშინ უკან, უფსკრულისკენ გადამეხედა, იქნებ გონს დროულად მოვსულიყავი...

‌ახლა, კიდევ უამრავი დაცემის შემდეგ, როგორც იქნა მივხვდი, რომ წინ ოცნების მწვერვალის ყურება დროებით უნდა შემეწყვიტა და მისი ტყუპისცალისთვისაც ჩამეხედა თვალებში. და როგორც იქნა მივხვდი, რომ კიდევ მაქვს დასაკარგი, შეიძლება ჯერ არც არაფერი დამიკარგავს, იმასთან შედარებით, რაც ამის შემდგომ შეიძლება დავკარგო. მიკვირს, ამას აქამდის როგორ ვერ ვხვდებოდი. ალბათ ეს იყო საჭირო, უფრო მეტი დანარცხება ძირს, რათა უფსკრულის სიღრმე შემეგრძნო...

‌და ბოლოს, რაც მინდა ვთქვა: ამ გზის მთელი უბედურება მხოლოდ ის კი არ არის რომ საფრთხის შემცველია, არა ხიფათი სხვა ჩვეულებრივ ბილიკებზეც შეიძლება შეხვდეს ადამიანს. მთელი უბედურები ის არის, რომ აქ მხოლოდ შენ ხარ მიზეზი ყოველგვარი ზიანის, რაც გემართება, მხოლოდ იმიტომ რომ ამ გზას ირჩევ, გზას რომელიც შენი არ არის, საერთოდ არც არავისია, ეს საერთოდაც არ არის გზა, არამედ გზააბნეულობა, მისი, ვინც მოთამაშე ხდება, მოთამაშე, რომელიც თამაშობს სიცოცხლით, ღირსებით, ახლობლების დაკარგვის გარისკვით და იმ ყოველივე ძვირფასით, რაც გააჩნია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG