Accessibility links

site logo site logo

საკოორდინაციო საბჭოს წარედგინა "მწვანე პასპორტების" პაკეტი


დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებული სრული პაკეტი. ამის შესახებ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მას პაკეტის დეტალებზე არ უსაუბრია. გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ პაკეტზე საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო და ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებენ.

საერთაშორისო პრაქტიკით, „მწვანე პასპორტის“ ან „მწვანე საშვის“ სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სხვადასხვა საჯარო სივრცეში ყოფნისთვის სჭირდებათ სრულად აცრის დოკუმენტი, PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომ COVID-19 ცოტა ხნის წინ გადაიტანეს.

დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, ისევ ემხრობა თუ არა სავალდებულო ვაქცინაციას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მასთან დაპირისპირების და იმ განცხადების ფონზე, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. გამყრელიძის თქმით, მას არავინ უპირისპირდება, არც მას აქვს ვინმესთან დაპირისპირება და არასდროს დაუმალავს რომ სავალდებულო აცრას ემხრობა.

„სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა... მე ვემხრობი, როგორც ამირან გამყრელიძე, ერთი ექიმი“, - განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის თანახმად, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, რომელმაც მიაღწია ვაქცინაციით მოსახლეობის 50-60%-ის ან მეტის მოცვას, და ასევე, ძალიან წარმატებულ სახელმწიფოებში, სადაც ეს მაჩვენებელი 80-90%-ია, გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდა დამატებითი ბერკეტების გამოყენება. გამყრელიძემ მაგალითად დაასახელა ისრაელი და აშშ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლის 58-60%-მდე მისვლის შემდეგ პროცესი გაჩერდა, სანამ დამატებითი ბერკეტები არ აამოქმედეს.

ამირან გამყრელიძის პროგნოზით, საქართველოში ეს ზღვარი იქნება 35-37%, ან მაქსიმუმ 40%. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, „ამის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა“.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი ნიშნავს გარკვეულ შეზღუდვებს მათთვის, ვისაც არ ექნება ორჯერადად აცრის, ან ბოლო 6 თვეში დაავადების გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი: "ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო".

15 მარტიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32.5%, ხოლო სულ მცირე ერთი დოზით - 36.1 %.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG