Accessibility links

site logo site logo

მარკ ზაკერბერგი „ცილისწამებას“ უწოდებს „ფეისბუკის“ პრობლემების შესახებ მიმდინარე გამოძიებას


გლობალური სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგი ცილისწამება უწოდა კომპანიის მუშაობის პრიორიტეტების შესახებ დასავლეთის მედიაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, 37 წლის ფრენსის ჰაუგენმა, ღიად დაადანაშაულა კომპანია, რომ ის უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს.

„ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა გაჟონილი დოკუმენტების შერჩევით გამოყენებისა, რომელიც მიზნად ისახავს სურათის დამახინჯებას“, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა.

წინა დღით ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე მასალა საერთო სათაურით „ფეისბუკის დოსიე“, რომელიც კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენის ინტერვიუს და მის მიერ გაჟონილ შიდა დოკუმენტებს ეყრდნობა.

ამ მასალების თანახმად ირკვევა, რომ სოციალური ქსელი შლის მხოლოდ 5%-ს ისეთი გამონათქვამებისა, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. მაშინ, როცა მარკ ზაკერბერგმა 2020 წელს აშშ-ის კონგრესს მოახსენა, რომ იშლება მსგავსი ინფორმაციის 94%.

გასულ წელს მარკ ზაკერბერგს პირადად მიუღია გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ვიეტნამის ოპოზიციის პუბლიკაციის ცენზურა, რასაც მმართველი კომუნისტური პარტია ითხოვდა. ვიეტნამი არის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი აზიური ბაზარი, რომელსაც ფეისბუკისთვის წელიწადში 1 მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს.

ფრენსის ჰაუგენის თქმით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კომპანიამ ამ ალგორითმის საფრთხე გააცნობიერა და მის შესამცირებლად უსაფრთხოების სისტემები აამუშავა.

მაგრამ, „არჩევნების დასრულებისთანავე, მათ უსაფრთხოების სისტემა გამორთეს და კვლავ ძველი პარამეტრები დააბრუნეს. ეს ჩემთვის დემოკრატიის ღალატს ნიშნავს“, - თქვა მან.

ფეისბუკის დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს პრიორიტეტი ენიჭება არა ბიზნესს, არამედ ბალანსის დაცვას. „როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი სოციალურ სამართლიანობას, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება და მავნე კონტენტის შემცირება, ან კონფიდენციალურობისთვის შიფრის დანერგვასა და სამართალდამცველი ორგანოებისათვის დახმარების აღმოჩენას შორის“, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა.

ფეისბუკის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. დოკუმენტები „ხაზს უსვამენ, რომ ფეისბუკის ხელმძღვანელობა ქრონიკულად უგულებელყოფდა სერიოზულ შიდა შეშფოთებას და ადამიანებზე მაღლა მოგებას აყენებდა“. ამერიკულ მედიაში პუბლიკაციები იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც კომპანია ფეისბუკმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმად კომპანიის მოგება 30 სექტემბერს დასრულებული მორიგი კვარტალის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა და 9,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG