Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ციხის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს: ამ სიტუაციას დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი ჯანმრთველობის არც ერთ მდგომარეობაში არ განიხილავს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებულ #18 სამკურნალო დაწესებულებაში მის გადაყვანას.

ნიკა გვარამიამ სააკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსთავის ციხესთან წაიკითხა.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ნიკა გვარამიას თქმით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.

ამიტომ ჩვენ არ დავუშვებთ იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას, ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ, ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

კონსილიუმის ყოფილი წევრის, კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილიან, მაღალი კვალიფიკაციის, ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG