Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს ართმევენ


"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტიას ზუგდიდში ორი არაფორმალური შტაბი აქვს, რომლის ფუნქციაც ოპოზიციური ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაა. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული არიან მაღალჩინოსნები შემოსავლების სამსახურიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ზუგდიდის პოლიციიდან.

"ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან, სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს!" - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ამ საქმიანობაში ჩართულია ყოფილი "ტყის ძმების" მეთაური, დათო შენგელია და მისი შვილი დადუ შენგელია. დათო შენგელიამ "ფორმულას" დაუდასტურა, რომ ის "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კამპანიაში ეხმარება.

"კი, "ოცნებას" ვეხმარები. რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ... არ ვიცი, [შევძელი თუ არა] დარწმუნება. თვითონ გადაწყვეტენ... [ჩემს ავტორიტეტს] ვიყენებ... მერე რა [ჩემი შვილიც არის ჩართული]. არ ვიცი [ძველი გავლენები], ეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვარ თუ არა ისევ ფორმაში", - თქვა მან.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის რაიონულ ოფისში "ფეიკნიუსს" უწოდებენ ანა წითლიძის გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ამ საქმით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არჩევნების დღესაც იყო დაკავებული.

"ეს არაფორმალური შტაბი კი არ არის, ეს არის შტაბი, სადაც ზუგდიდელები იკრიბებიან. ერთი შტაბი არის ქალაქის, მეორე - მხარდამჭერების, ჩვენ გვაქვს ცენტრალური შტაბიც და თითოეულ სოფელშიც... საარჩევნო პროცესში არიან მხოლოდ ის პირები ჩართული, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს... დათო შენგელია არ არის საშტაბო სამუშაოებში, თუმცა არ მალავს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი ისე, როგორც ზუგდიდელების უმრავლესობა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ზუგდიდის ოფისში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წითლიძე მმართველ პარტიას ოპოზიციონერი მხარდამჭერებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. 30 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პარლამენტარმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც, მისივე სიტყვებით, დასტურდება მათი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩამორთმევის ფაქტები.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG