Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსიზმი თუ უზრდელობა?


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მეგობრის დაბადების დღიდან მოვდიოდით. მანქანაში ოთხნი ვისხედით. ორი ბიჭი და ორი გოგო. ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც საჭესთან იჯდა, იმ დღეს გავიცანი, თუმცა აქტიური კომუნიკაცია არ გვქონია. გზაში ჩვენს საერთო მეგობარზე ვსაუბრობდით, როდის გავიცანით, რა ვითარებაში. ისე, დროის გასაყვანად, უხერხული სიჩუმე რომ არ ჩამოვარდნილიყო. უცებ, ახალგაცნობილი ბიჭი ამბობს: ,,ნუ, ეგ ეხლა ცნობილი ამბავია, გოგოებმა ისეთი ძლიერი მეგობრობა არ იცით, როგორიც ბიჭებმა“. ეს სიტყვები ისე მშვიდად და დამაჯერებლად თქვა, თითქოს გვეუბნებოდა, ბევრი წყალი სვით, სასარგებლოაო.

ვერც კი მივხვდი, ისე დავიწყე ჩხუბი. თავისით ამომდიოდა სიტყვები და ბრაზისგან თავში წვას ვგრძნობდი. ბარემ შემობრუნდი და გვითხარი, რომ სულელები (ჩხუბის დროს სხვა სიტყვა გამოვიყენე, აქ ცენზურას დავიცავ, მაინც) ვართ, არარაობები და არაფერს წარმოვადგენთ-მეთქი. ამხელა აგრესიას და შეტევას არ ელოდა. ერთი წამითაც არ დაუშვია, რომ მისი სიტყვები ჩემთვის და ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის, რომელიც გვერდით მეჯდა, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მისი ეს სიბრძნე სხვა დროს არავის გაუპროტესტებია და შესაბამისად, ჩემი რეაქცია მისთვის სრულიად მოულოდნელი და არაბუნებრივი იყო.

ასეთი ამბები ხდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ვიღაც, შენთვის უცნობი ადამიანი მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ სუსტი და სულელი ხარ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ხარ. ან, ფეხბურთზე კომენტარს თუ გააკეთებ, კაცების აღფრთოვანებულ შეძახილს გაიგონებ: ,,ვაააა, რა მაგარი გოგო ხარ, ფეხბურთზე საიდან გაიგე, ტო?..“ თუ ყურს მოკრავენ, რომ შვილის გაჩენა არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში დაგეგმილი არ გაქვს, რატომღაც, თავს უფლებას აძლევენ გითხრან, რომ დიდ შეცდომას უშვებ, რადგან შენი ერთადერთი დანიშნულება შვილის გაჩენაა. რა არგუმენტი აქვთ? ის, რომ ქალს დედაბუნებამ რეპროდუქციის უნარი უბოძა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს უნარი უნდა გამოიყენო. არ აქვს მნიშვნელობა, შენ რა გინდა. გეუბნებიან, რომ მეგობრობა არ იცი და არა იმიტომ, რომ ვინმესგან შეიტყვეს, როგორ ცუდად მოექეცი შენს მეგობარს, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ გოგო ხარ. და ერთი წამით არ ფიქრობენ, რომ თითოეული ეს კომენტარი, ზუსტად იგივე შინაარსის მატარებელია, რომ გითხრან: ცუდი ადამიანი ხარ, უჭკუო ხარ, ცხოვრებაში შვილის გაჩენის გარდა სხვა ღირებულს ვერაფერს იზამ, რადგან არაფერს წარმოადგენ და შენი მწირი გონებრივი შესაძლებლობებით, ვერც კარიერას აიწყობ.

ეს სექსიზმი აღარ არის. ეს უზრდელობაა. უტაქტობაა. ურთიერთობის ელემენტარული საბაზისო ნორმების დარღვევაა. ხანდახან ისეთი დამღლელია ამდენი ჩხუბი და იმის მოსმენა, უი, ეს ფემინისტი ყოფილა, შეეშვითო. ყველა ჩემი კომენტარი აზრს კარგავს ამ ადამიანების თვალში, როცა იგებენ, რომ ფემინისტი ვარ. ასეა, ფემინისტი რომ ვარ, მაგიტომ ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, რომ მეგობრობა არ ვიცი, თორემ აბა, ნორმალური ადამიანი მაგაზე როგორ გაბრაზდება? არა, რომელ ნორმალურ ადამიანს სწყინს, როცა ეუბნებიან, რომ დიდად ჭკუით ვერ გამოირჩევა, რადგან ამის შესაძლებლობას მისი სქესი არ აძლევს ან საერთოდ, რომელი ნორმალური ადამიანი აპროტესტებს უთანასწორობასა და უსამართლობას?

იმის მაგივრად, რომ დღეს ფემიციდის წინააღმდეგ ვიბრძოდეთ, ქალებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და ჩვენს წილ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ვფიქრობდეთ, 2021 წლის მიწურულს გვიწევს კამათი იმაზე, რომ ქალებსაც შეგვიძლია მეგობრობა, ქალებიც ვუყურებთ სპორტს, ეგ კი არა, ზოგჯერ ქალებსაც გვშივდება კაცებივით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.

ხოდა, სექსიზმი რომ დავივიწყოთ, აი იმ ბიჭებს/კაცებს მინდა ვკითხო, ტრანსპორტში ზრდილობის გამო ,,სპაიდერმენებივით“ რომ წამოიჭრებიან ფეხზე ქალისთვის ადგილის დასათმობად ან მეტროს შესასვლელში საცობს ქმნიან იმის გამო, რომ ჯერ ქალი გაატარონ, როგორ ფიქრობთ, კარში ქალზე წინ გასვლა ტეხავს, მაგრამ იმის თქმა, რომ სულელია, მოსულა? ასეთია ზრდილობის თქვენეული გაგება?

საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ. ხელფასის შესახებ კითხვის დასმა უტაქტობად მიიჩნევა, მაგრამ ზემოთ აღწერილი სიტუაციები სრულიად ნორმალური ამბავია. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ პრობლემას ასაკი არ აქვს. მსგავს კომენტარებს ვისმენთ როგორც უფროსი, ისე ახალგაზრდა თაობისგან. 25-27 წლის ბიჭებისგან, რომლებიც ქვეყნის და საზოგადოების განვითარების მთავარ საყრდენს უნდა წარმოადგენდნენ. ვისმენთ იმ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ჩვენნაირი სასტარტო პირობები ჰქონდათ; ახალგაზრდებისგან, რომლებსაც აქვთ მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, წიგნებთან, ფილმებთან. ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ ჩვენ გვერდით.

მაშინ, რა იწვევს ამხელა განსხვავებას ჩვენს ღირებულებებს შორის? სად უნდა ვეძებოთ პრობლემა? თუ ერთ სოციუმში ვტრიალებთ, ასე რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები როგორ შევიძინეთ?

ამაზე პასუხი არ მაქვს.

და კიდევ ერთი რამ: მართალია, ქალსა და კაცს შორის თანასწორობაზე არც სკოლაში გვესაუბრებიან და არც მშობლები იკლავენ ამის სწავლებით თავს, მაგრამ ჩვენს ტრადიციულ, ზრდილობაზე და ,,ხალხი რას იტყვის“-ზე ორიენტირებულ საზოგადოებაში, იმას ხომ მაინც ყველა ჩაგვჩიჩინებს, რომ წესიერად და ზრდილობიანად უნდა მოვიქცეთ?

ხოდა, სექსიზმი უზრდელობაა, მეგობრებო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG