Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება სუდანის პრემიერ-მინისტრის კვლავ გათავისუფლებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სუდანის გადაყენებულ პრემიერ-მინისტრს, აბდალა ჰამდოკს ესაუბრა მას შემდეგ, რაც სამხედრო ლიდერებმა, რომლებმაც სუდანში ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, მას შინ დაბრუნების უფლება მისცეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის თქმით, 26 ოქტომბერს შემდგარ სატელეფონო საუბარში ბლინკენი მიესალმა ჰამდოკის გათავისუფლებას და "კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება სუდანის სამხედრო ძალებისადმი, რომ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული სამოქალაქო ლიდერი და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს". ბლინკენმა "ღრმა შეშფოთება" გამოხატა აფრიკის ამ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო გადატრიალებაზე და არმიას თავშეკავებისკენ მოუწოდა დემონსტრანტებთან მოპყრობის დროს, - წერს პრაისი განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ასევე აღნიშნავს, რომ "საერთაშორისო ხმების მზარდი გუნდი გმობს სამხედრო გადატრიალებას და მხარს უჭერს სუდანელი ხალხის მოწოდებას სამოქალაქო მმართველობის, დემოკრატიისა და მშვიდობისკენ".

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ეკონომიკური საშუალებების სპექტრს განიხილავს სამხედრო გადატრიალებაზე რეაგირებისთვის და ახლო კონტაქტი აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, - ამბობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი. გადატრიალებას გმობენ დასავლეთის სხვა ქვეყნები და აცხადებენ, რომ დახმარების გამოყოფას შეწყვეტენ, თუკი არმია არ აღადგენს ხელისუფლების სამოქალაქო ძალებთან გაყოფას. სუდანის საკითხზე შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო, თუმცა განცხადება არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG